12:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 13:46:15, 415 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან საქართველოსა და უკრაინაში ჩაიდინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიურ ფორუმში - „TO BE SECURE“ მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ მონტენეგროს, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბულგარეთის საგრეო საქმეთა მინისტრები.

კონფერენციის მთავარი თემა ევრო-ატლანტიკური და საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო-ს წინაშე არსებული გამოწვევები, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან და ვითარება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, უკრაინის კრიზისი და მისი დაძლევის გზები იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში უკრაინის კრიზისზე, სადაც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად განიხილავდნენ უკრაინაში შექმნილ ვითარებას, კრიზისის მოგვარების გზებს, მის გავლენას ევროპულ და გლობალურ  უსაფრთხოებაზე, ასევე  იმ აუცილებელ ნაბიჯებს რაც უნდა გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასა და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარების მოგვარების გზებზე საუბრისას ხაზი გაუსვა დასავლეთის ერთიანი და მტკიცე პოზიციის არსებობის მნიშვნელობას.

 „რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში. საჭიროა დასავლეთის ერთიანი, მტკიცე და პერმანენტული პოზიცია, მხარდაჭერა იმ ქვეყნების  ვინც გააკეთეს თავისი სუვერენული არჩევანი და რის გამოც ისინი ფაქტობრივად ისჯებიან“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის განხილვისას დიკუსიის მონაწილეებმა გაიხსენეს 2008 წლის ომი, აღინიშნა, რომ უკრაინის კრიზისი სწორედ 2008 წლის ომის შედეგების გაგრძელებაა, რადგან სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა მოსკოვის აგრესიაზე.

2008 წლის აგვისტოს ომზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებად მოიყვანა  აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები.

 „უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით ჰიბრიდული ომი გახლავთ, საერთაშორისო სამართალი დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისა, რაც მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეებისკენ მიისწრაფვიან. მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინა არ არის ცალკეული შემთხვევა.  რუსეთმა ყველაფერი ჯერ კიდევ  90-იან წლებში საქართველოში წამოიწყო კონფლიქტების სახით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 2008 წელს კი საქართველო-რუსეთს შორის ღია ფართომასშტაბიან ომს ჰქონდა ადგილი, რამაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია.  სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადოდ ვერ შეაფასა ვითარება, ამიტომ დღეს სახეზე გვაქვს ე.წ.  ხელშეკრულებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტურ რეჟიმებთან ასოცირებასა და ინტეგრაციაზე. ეს კი წარმოადგენს პირდაპირ ანექსიას სუვერენული საქართველოს ტერიტორიებისა, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო და იმ პროცესების გაგრძელებაა, რასაც რუსეთის მიერ ძველი გავლენის სფეროების აღდგენა ეწოდება. ამით რუსეთი სჯის იმ ქვეყნებს, რომელთა არჩევანიც ორიენტირებულია საგარეო პოლიტიკის თავისუფალ არჩევანზე. ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და მათი არჩევანი არის ღირებულებებზე და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოება. ეს არჩევანი არავის წინააღმდეგ არ გაკეთებულა. არავის არ ააქვს უფლება ამ არჩევანს ვეტო დაადოს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა რომ გაფართოვდეს დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცე რეგიონში. ამიტომ ღია კარის პოლიტიკა უზომოდ მნიშვნელოვანია და ყველა იმ ქვეყანას რომელსაც შეუძლია, აქვს სურვილი და არ იშურებენ ძალისხმევას უნდა მიეცეს არჩეული მიმართულებით წასვლის საშუალება", - განაცხდა ბერუჩაშვილმა

 “To Be Secure” - მაღალი დონის უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც მონტენეგროში ყოველ წელს იმართება და აერთიანებს უსაფრთხოებისა და გლობალური პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და მთავრობის წარმომადგენლებს. ღონისძიებოს ორგანიზატორია მონტენეგროს ატლანტიკური საბჭო. 2015 წლის ფორუმი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მირო დუკანოვიჩმა გახსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics