11:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 12:53:18, 516 ნახვა

საზოგადოება
ალეკო ელისაშვილი: ქეთევან წამებულის გამზირზე ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, სკვერის ნაწილია

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ქეთევან წამებულის გამზირზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის განმარტებებს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება.

დეპუტატის განცხადებით, ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, სკვერის ნაწილია და იქ მსგავსი პროექტის განხორციელება დაუშვებელია.

„რა საინტერესო პასუხია! ნაციონალებს 5 წლის წინ გაუყიდიათ სკვერის ნაწილი და ახალი ხელისუფლება ნაცვლად იმისა რომ დაებრუნებინა ეს ნაკვეთი უფრო მეტს სცოდავს და სასტუმროს პროექტს ითანხმებს. რა მაგარი ლოგიკაა მერიის - "იმათ თუ დააშავეს ჩვენ დავაშავებთ არანაკლებს და უფრო გულმოდგინედ". ყოჩაღ ოცნებავ, ყოჩაღ ნარმანიავ ! ის ტერიტორია არის სკვერის ნაწილი - მიბრძანდით და ნახავთ საკუთარი თვალით ნებისმიერი ადამიანი. ამ სკვერში სასტუმროს მშენებლობა არის დაუშვებელი ! მილიონი ხე არა იხვი....“, - წერს ალეკო ელისაშვილი.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის მერიის კიდევ ერთ განმარტებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ადგილას მე-19 საუკუნის დასაწყისში საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი შენობა-ნაგებობა იდგა.

„ახლა კი გავყვეთ მერიის ლოგიკას და დააკვირდით ფოტოს და მაკეტს რომლებზეც ჩანს მეტეხის საპყრობილის კორპუსები. ეს შენობები ააგეს 1818 წელს (დრო და დრო ემატებოდა შენობები) და საბოლოოდ 1960-იანების დასაწყისში დაანგრიეს. შესაბამისად ხომ არ იფიქრებდა მერია გორგასლის ძეგლის აღებაზე და კორპუსების მშენებლობაზე? როგორ გამოაცოცხლებდა აღნიშნულ საზოგადოებრივ სივრცეს კაი კოხტა კორპუსები და სასტუმროები ! აბა, ცარიელა გორგასლის ძეგლი ძაან კლავს იქაურობას. ვახ, ღმერთო რატომ ჰგონიათ მერიაში მომუშავე ადამიანებს მერიაში არამომუშავე დანარჩენი ადამიანები ბრიყვები?“, - აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო აშენდება, მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიას არ წარმოადგენს. მერიაში აღნიშნავენ, რომ ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაშვებულია.

„კანონმდებლობის მიხედვით, რეკრეაციულ ზონა 2-ში, სპეციალური ზონალური ნებართვით, ასევე, დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, სასტუმროს, საგამოფენო დარბაზის, ღია და გადახურული კინოთეატრისა და სხვა დანიშნულების მქონე ობიექტების მშენებლობა. საარქივო ფოტომასალიდან ჩანს, რომ საპროექტო ტერიტორიის ადგილას მე-19 საუკუნის დასაწყისში საცხოვრებელი ფუნციის მატარებელი შენობა-ნაგებობა იდგა, რომელიც 1930-იან წლებში დაანგრიეს. იგი მდებარეობს სკვერის მიმდებარედ და არა სკვერში. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა არათუ არ ნიშნავს სკვერის ხელყოფას, არამედ მოახდენს აღნიშნული საზოგადოებრივი სივრცის გამოცოცხლებას. საპროექტო ტერიტორია 2010 წელს გასხვისდა. ტერიტორიაზე, კანონმდებლობის შესაბამისად, გაცემულია სპეცნებართვა და მასზე დასაშვებია სასტუმროს მშენებლობა“, - აღნიშნავენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics