2015-06-05 10:40:39, 327 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური: ვერანაირი განცხადებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
„ვერანაირი განცხადებები ვერ შეუშლის ხელს და არც არის გამიზნული იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს ურთიერთობებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე ხომ არ შეუშლის ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დაკავშირებით და ასევე საქართველოს ურთიერთობებს სავალუტო ფონდთან.
ხადურის თქმით, სავალუტო ფონდთან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.
„ჩვენ ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან ჩვეულ რეჟიმში, ხოლო ბატონი ბიძინა აკეთებს განცხადებებს რომელიც მას სწორად მიაჩნია. ვერანაირი განცხადებები ვერ შეუშლის ხელს და არც არის გამიზნული იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ამ ურთიერთობებს, პირიქით სავალუტო ფონდი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას პირადი შეხვედრისას სთხოვა, არ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ.
მისივე თქმით, პირადი გადაწყვეტილებით გამოიტანა განცხადება მთავარი პროკურატურიდან, რომელიც "ქართუ ბანკის" საქმეს უკავშირდებოდა. თუმცა, ივანიშვილის განმარტებით, ის ვერ შეძლებს გიორგი ქადაგიძის დაცვას, თუ მას სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაიმე სახის გადაცდომა ექნება.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იყო, მთხოვა პირად შეხვედრაში ქადაგიძე არ დაეჭირათ და მართლაც გავითვალისწინე და ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია, და პირადი იყო "ქართუ ბანკი", იცოდნენ მათაც, რომ მან კანონი დაარღვია და დასაჭერია, ისე კიარ უთქვამს, რომ დასაჭერი არაა. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ აპატიოთ.მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია ეს გავაკეთო. პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ საერთო საქმეებიდან, მე მასაც განვუმარტე, ვინც მთხოვა, ქადაგიძესაც შევხვდი და მას განვუმარტე, რომ თუ მას სახელწმიფოს წინაშე აქვს რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ხელს ვერ დავაფარებ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან