|
2018-07-13 12:52:48, 673 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული
„ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა ძალაშია. ყველა წევრმა ქვეყანამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება. ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლა ნატოს სამიტის შედეგების შეჯამებით დაიწყო. მისი განცხადებით, განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა ის რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოდერნიზებისა და რეფორმების მიმართულებით მიაღწია. „მნიშვნელოვანი დეკლარაციები იქნა მიღებული - ერთი სამიტის და მეორე ნატო-საქართველოს კომისიის, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. მან ყურადღება გაამახვილა ადეკვატური დაფინანსების კუთხით მიღწეულ პროგრესზე: „ეს იყო სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა. კერძოდ, თავდაცვის ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, ხოლო ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტის 20% უნდა მიმართონ ძირითად შეიარაღებაზე. საქართველო ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი მოწინავე, პარტნიორი ქვეყანა ნატოსთვის და სამაგალითო სხვა წევრი ქვეყნებისთვის, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ ეს მოთხოვნა 2024 წელს დასრულდეს. ეს იყო აღიარებული და დადასტურებული“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. ლევან იზორიამ დეკლარაციაში გაცხადებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების ინიციატივაზეც ისაუბრა, სადაც ახალი მიმართულებების შესახებ არის საუბარი, როგორიცაა: კონტრმობილურობა, კიბერუსაფრთხოება და უსაფრთხო კომუნიკაციების სისტემა. როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, დოკუმენტში, ასევე აღნიშნულია ერთობლივი წვრთნების ჩატარების დაგეგმვა, რომელიც მომავალ წელს უფრო ფართო მასშტაბით გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)