|
2018-06-15 18:39:28, 941 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - DCFTA ვაჭრობის სტატისტიკაზე დადებითად აისახა
ბათუმში გამართულ რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიმართულებით, ასევე მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ DCFTA-ის დადებითი გავლენა, პირველ რიგში, ასახულია ვაჭრობის სტატისტიკაზე - მიმდინარე წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 25.7% და შეადგინა 1 0701.1 მლნ. აშშ დოლარი. ევროკავშირი დღესდღეობით წარმოადგენს საქართველოს პირველ სავაჭრო პარტნიორს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ მიღწევებზე, როგორიცაა საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო/ევროპული აღიარების მოპოვება, რაც გულისხმობს საქართველოში აკრედიტებული პირების მიერ გაცემული სერტიფიკატების და ლაბორატორიული გამოცდის ოქმების საერთაშორისო აღიარებას. საქართველომ წარმატებას მიაღწია ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის თვალსაზრისით და აგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა შეთანხმების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, სწორედ ამისთვის სამინისტრომ შეიმუშავა DCFTA-ის შესრულების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის. მან ასევე ისაუბრა რეგიონისათვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების შესახებ და საქართველოს როლზე ამ მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)