|
2018-06-06 15:07:03, 1415 ნახვა
ეკონომიკა
ტვირთის გადასაზიდად ელექტრონული სერვისის აპლიკაცია STYX ქართულ ბაზარზე გამოჩნდება
2018 წლის ზაფხულში ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ტვირთის გაგზავნის მსურველებსა და გადამზიდავებს ერთმანეთს აპლიკაციის საშუალებით დააკავშირებს. ქართული კომპანია სტიქსის (STYX) პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით შეიქმნა, ხელმისაწვდომი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ვებ გვერდის www.styx.ge მეშვეობით. სისტემაში დარეგისტრირება ტვირთის გადაზიდვის ან გაგზავნის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება. კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ აპლიკაცია გადამზიდსა და ტვირთის გამგზავნს მისცემს საშუალებას, შუამავლების გარეშე, სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად შეთანხმდნენ სერვისის პირობებზე. „დღეს გადაზიდვების ქართულ ბაზარზე ქაოტური ფასები და ნულოვანი კომუნიკაციაა მომხმარებელსა და დამკვეთს შორის, ამიტომ როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიის შექმნაზე ვფიქრობდით, გამოსავალს IT სფეროში მივაგენით. შევქმენით პლატფორმა, რომელიც ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ელექტრონულ სივრცეში გადაიტანს. გადამზიდებს საკუთარი ბიზნესის უკეთ მართვაში დაეხმარება, ტვირთის გამგზავნებს კი სწორი არჩევანის გაკეთებაში. გამგზავნსა და ყველა გადამზიდს ერთ ელექტრონულ სივრცეში ექნება კომუნიკაცია“,- ალექსანდრე ქურძე, STYX-ის დამფუძნებელი. ონლაინ შეკვეთა, ელექტრონული გადახდა, ტვირთის დაზღვევა, რუკაზე live რეჟიმში ტვირთის ადგილსამყოფელის განსაზღვრა - დამფუძნებლების თქმით, სწორედ ეს ფაქტორები ქმნის კომფორტს მომხმარებლებისთვის. ორმხრივი შეფასების სისტემა კი, როგორც STYX-ის მომხმარებლებს, ასევე თავად კომპანიას ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. კომპანიის ოპერაციების დირექტორი, ლაშა გორგოშიძე ამბობს, რომ აპლიკაციის ქართულ ბაზარზე ჩაშვების შემდეგ კომპანია STYX-ის სამომავლო გეგმებში საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც შედის. სწორედ ამიტომ, პროდუქტი უკვე აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. „პირველ ეტაპზე ვგეგმავთ პროექტის ქართულ ბაზარზე განხორციელებას, მომავალ წელს რეგიონალური მასშტაბით ვაპირებთ გაფართოებას და პერსპექტივაში გვსურს გავხდეთ საერთაშორისო კომპანია. საქართველო დამოუკიდებლობის დღიდან ცდილობს პოზიციონირებას, როგორც სატრანსპორტო, ლოჯისტიკური ჰაბი. ქვეყანაში უკვე მეორედ ჩატარდა აბრეშუმის გზის ფორუმი, ხორციელდება ანაკლიის პორტის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტები. თუმცა ქართული ლოჯისტიკური ბაზარი არ არის მზად ასეთი გამოწვევებისთვის“,- ლაშა გორგოშიძე. თანამედროვე ელექტრონული პლატფორმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთწლიანი მუშაობის შედეგია. გარდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისა STYX-ის მხარდამჭერია USAID-ის „პროექტი ზრდა საქართველოში“. გუნდი ფიქრობს, რომ აპლიკაცია დაეხმარება ქართულ ბაზარს გაჯანსაღებაში, რაც ქვეყნის ლოჯისტიკურ სფეროს უფრო სწრაფად განავითარებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)