|
2018-05-08 15:05:54, 1797 ნახვა
სამართალი
„შეწყდეს საკლუბო სცენის დემონიზირება“ - ელექტრონული მუსიკის ინდუსტრია ნარკოტიკების სკანდალს ეხმაურება
ფონდ „ელექტრონავტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ლეჟავამ კლუბ „ბასიანში“ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ლეჟავამ განაცხადა, რომ ელექტრონული მუსიკისა და ინდუსტრიის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს და მედიის წარმომადგენლებს კლუბების, ფესტივალების, კაფე-ბარების, ივენთ კომპანიების, არტისტებისა და პროდიუსერების ერთობლივი განცხადება გააცნო. განცხადების ავტორები ითხოვენ: შეწყდეს რეგრესიული ძალების მხრიდან საკლუბო თემის დემონიზირება და დისკრედიტაცია; აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ და მხარი დაუჭირონ საკლუბო ინდუსტრიას; მედიასაშუალებებმა შეწყვიტონ საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება მათ საქმიანობასთან. ამასთან, ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დროულად იქნას გამოძიებული, თუ რა ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდები და ექსპერტიზის პასუხები გასაჯაროვდეს. “სამწუხაროდ, ელექტრონული მუსიკისა და ინდუსტრიის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება. პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები კლუბების დახურვას ითხოვენ. მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბებს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში უცნობ მომწამვლელ სუბსტანციას 5 ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, რომლის შემცველობა ჯერ კიდევ დაუდგენელია, მისი მომწოდებელი კი დაუსჯელი. პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული გამოძიების შედეგებით, იმისთვის, რომ დადგეს ობიქტური ჭეშმარიტება და ნათელი მოეფინოს სიმართლეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. ინდუსტრიის წარმომადგენლები, მოვითხოვთ: შეწყდეს რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინდუსტრიას; შეწყვიტონ მედია საშუალებებმა საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება ჩვენს საქმიანობასთან; დროულად იქნას დადგენილი თუ რა მავნე ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ადამიანები და სასწრაფოდ მივიღოთ პრევენციული ზომები, ექსპერტიზის პასუხები გახდეს საჯარო; შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ ყველა ზომა, რომ ვებგვერდების საშუალებით მომწამლავი ნივთიერებები ხელმისაწვდომი არ იყოს; ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს პრევენციული შინაარსის მქონე საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა სტერეოტიპულ მიდგომებზე, არამედ ადამიანებზე ზრუნვის პრაქტიკებზე; გადამზადდეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რათა ამა თუ იმ სუბსტანციით ზედოზირების შემთხვევაში, შეძლონ ადამიანების დროული და ეფექტური დახმარება. ჩვენ უფლებებს ბოლომდე დავიცავთ და პასუხს მოვითხოვთ უსაფუძვლო ცილისწამებისთვის. ამასთან ერთად, მომხმარებლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან. მივმართავთ საზოგადოებას, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს, ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო გამოცემებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ უმწვავეს პრობლემათან გამკლავება და ძვირფასია ჩვენი ქვეყნისა და კულტურის წინსვლა: დაგვიდექით გვერდით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი თანადგომაა. ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, ამ სფეროს სოციალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ღრმარ ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის ბრძოლა არამხოლოდ კონკრეტული სივრცეების, არამედ ყველა იმ იდეისა და ღირებულების - თავისუფლებისა და თანასწორობის, ყველა იმ ერთობლივი მონაპოვარის წინააღმდეგ, რომლის გარშემოც ვართ გაერთიანებული ათასობით ადამიანი“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: FUND ELECTRONAUTS; 4GB; ALTERVISION/OPEN AIR; ART-CAFÉ HOME; BASSIANI; BLOW BAR; CAFÉ GALLERY; DRAMA BAR; ELEKTROWERK; EVENTER; KELLER BAR; KHIDI; LISI REST; LTFR; MTKVARZE; MUZAME; MZESUMZIRA; SPACEHALL; SUCCESS BAR; TERMINAL EVENTS; TIVI; TREEBAL; VODKAST; WHITE NOISE MOVEMENT.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)