14:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 14:16:48, 877 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა 2012-2014 წლებში

ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლეთისკენ აქვს აღებული.

დღევანდელი მთავრობაც აცხადებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი მათი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

მთავრობა მოწოდებულია, რათა უზრუნველყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს  ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია წარმოადგენს.ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დასავლეთისკენ აღებულ კურსს საქართველოს შეიარაღებული ძალების ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში ჩართვაც ადასტურებს.

 გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აქტიურად გამართა შეხვედრები  ნატო-ს წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი და გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ევროკავშირში საქართველოს  სრული ინტეგრაციისთვის, ხელისუფლება  შესაბამის პოლიტიკურ კურსს ეტაპობრივად ახორციელებს.  აღნიშნული მიზნის მისაღწევად, განხორციელდა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ბრიუსელში და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბარონესა ქეთრინ ეშტონის ვიზიტი საქართველოში.

2012 წლის ნოემბერში  საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ვიზიტისას კი, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

საქართველოს დღევანდელი მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის მოლაპარაკებებს, როგორც საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ ფორმატს.

ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება

ახალი ხელისუფლების პერიოდში 2013 წლის 29 ნოემბერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ქ. ვილნიუსში,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა.
დოკუმენტი  1000-მდე გვერდს მოიცავს. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ინსტიტუციურად და ფორმალურად, ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს ევროპის წინაპირობას, თუმცა არც გამორიცხავს მას. 25-მდე სახელმწიფოს, მათ შორის თურქეთს, სირიას, სამხრეთ აფრიკასა და სხვა აფრიკულ სახელმწიფოებს აქვთ დადებული ეს შეთანხმება. ასოცირების შეთანხმება ეფუძნება პრინციპს - მეტი მეტისათვის, რაც ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად და კარგად ასრულებს პარტნიორი სახელმწიფო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მით მეტად ეხმარება მას ევროკავშირი, შესაბამისად მით მეტად ხდება ევროკავშირთან დაახლოებაც.

შეთანხმება მოიცავს ძირითადად შემდეგს:

1. ჩარჩო თანამშრომლობის პრინციპებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის
2. ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და 
3. სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებს;

უკრაინის მოვლენების მცირე მიმოხილვა

მაშინ, როდესაც საქართველო ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ახდენდა,  სიტუაცია მეტად დაძაბული იყო  უკრაინაში. კერძოდ, უკრაინაში საპროტესტო აქციები  მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ უარი თქვა, ხელი მოეწერა ვილნიუსში დაგეგმილი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე. 

ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იანუკოვიჩის ხელისუფლების მიზანი იყო, მაგრამ მან სამიტამდე ერთი კვირით ადრე შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის მიზეზებს შორის ხელისუფლებამ მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემები დაასახელა.

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ამ გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, უკრაინელ ხალხს მოქმედი პრეზიდენტისა და მისი გუნდის გადაყენება და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის მოლაპარაკებების  განახლება უამრავი ადამიანის სისხლის ფასად დაუჯდა.

საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოლოდინში

ვროკავშირმა სურვილი გამოთქვა, საქართველოსთვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვადა დაეჩქარებინა. გადაწყდა, რომ საქართველო შეთანხმებას ხელს არაუგვიანეს 27 ივნისისა მოაწერდა.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის სრულად ძალაში შევლამდე მისი დროებითი ამოქმედების წინადადებით მიმართა.
 ევროკომისიის წინადადების მიხედვით, ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლამდე შეთანხმების უდიდესი ნაწილი ამოქმედდება.

ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე  გახშირებული ვიზიტები საქართველოში

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები გახშირდა.

მიმდინარე წლის 13 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ონალდი თბილისში ჩამოვიდა. ოფიციალური პარიზის ღია მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ – ასეთი იყო შეფასებები, რომლებიც ფრანსუა ოლანდის ჩამოსვლისას გაკეთდა.

ოფიციალური თბილისის ინფორმაციით, საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩამოსვლა, მნიშვნელოვანი მხარდამჭერის გამოცხადებაა.

გარდა ამისა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე საქართველოში იმყოფებოდნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებიც. მათ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აბდულა გიულის მტკიცებით, თურქეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარს ყოველთვის უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს.

ასევე, საქართველოში განხორციელდა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტიც. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მტკიცებით, საქართველო და ნატო ერთმანეთს უახლოვდებიან.

როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, ნატო აუცილებლად გამოძებნის ინსტრუმენტს, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

გიორგი მარგველაშვილის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში

საქართველოში  მაღალი დონის ვიზიტების გარდა, რომელთაგან მხოლოდ ნაწილი გამოვყავით, თავად საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე, მნიშვნელოვანი ვიზიტები განახორციელა.

 ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი  საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში გამგზავრება იყო.   საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის და ერთობლივი ენერგეტიკული და კულტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აბდულა გიულის განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას.  ანკარაში ვიზიტისას  გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრები  თურქეთის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში

 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუმრობა იყო.

აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა.აღსანიშნავია, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც შეხვდა.

საქართველო აშშ-თან ურთიერთობების სფეროში რეალურად ახალ ეტაპზე გადადის-ეს განცხადება  ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას 24-საათიანი მეგობრობა შესთავაზა და ნებისმიერ დროს შეუძლია ეკონტაქტოს.

აღსანიშნავია,  რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს 28 ქვყანას მიმართა, საქართველოს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ  სამიტზე წევრობის სამოქმედო გეგმა მინიჭებოდა.

დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯონ კერისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა, ნათქვამია, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების კუთხით დიდ პროგრესს მიაღწია.

ღარიბაშვილმა ჯონ კერის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი სერიოზული მხარდაჭერის დასტურად შეაფასა.

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება დაგეგმილის მიხედვით, 27 ივნისს  გააფორმა.  დოკუმენტს ხელი  საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ მოაწერეს.

საბოლოო ჯამში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ორგანიზაციის 28-ვე წევრი ქვეყნის პირველი პირის ხელმოწერა აქვს.

საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ამ დღეს ისტორიული უწოდეს და აღნიშნეს, რომ  ქვეყანა ევროპას ყველაზე მეტად ამ ცერემონიით დაუახლოვდა. გაფორმებული ხელშეკრულება ევროპის მოედანზე საზეიმოდ აღნიშნეს.

უელსის სამიტზე საქართველოსთვის   MAP-ის მინიჭებაზე უარი თქვეს

აღსანიშნავია, რომ  2014 წლის ივნისში ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერის პირადი მიწვევით გერმანიაში  მეორედ გაემგზავრა. ღარიბაშვილის თქმით, გერმანია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას, რომლის ძალისხმევითაც, საფრთხეების განეიტრალება არაერთხელ მოხერხდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ანგელა მერკელს საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამ ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ უელსის სამიტზე საქართველოსთვის   MAP-ის მინიჭების საკითხი არ განიხილება.

მერკელის თქმით, საქართველოში მიღწეული პროგრესი, MAP-ის  მინიჭების გარდა, სხვა საშუალებითაც შეიძლება რომ აღინიშნოს.

ნატო-ს  სამიტი უელსში

4-5 სექტემბერს უელსმა ნატო-ს სამიტს უმასპინძლა. სამიტზე საქართველო ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარმოადგინა. სამიტის  113 პუნქტიან კომუნიკეში ორი თავი უშუალოდ საქართველოს ეხება. დოკუმენტში საუბარია საქართველოში დემოკრატიის განვითარების შესახებ. გარდა ამისა, ნატო მოუწოდებს საქართველოს  რეფორმების იმპლემენტაცია გააგრძელოს.

ამასთან, ნატო აფასებს საქართველოს ძალისხმევას არა მხოლოდ დემოკრატიის გაძლიერების, არამედ შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების მიმართულებით. ალიანსი ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს აისაფის ოპერაციაში მონაწილეობის თაობაზე.

ნატო-ს არსებითი პაკეტი საქართველოს

დოკუმენტში საუბარია არსებით პაკეტზეც, რომელიც საქართველომ ნატოსგან მიიღო.პაკეტი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წვრთნების ჩატარებას და ალიანსთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირს გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე

საგარეო პოლიტიკაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე პრემიერ ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა იყო.ქვეყნის პრემიერმა  გაერო-ში გამოსვლისას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

უმაღლესი რანგის ვიზიტები 2014 წლის დასასრულს

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და უელსის სამიტის შემდეგ, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები კვლავ განხორციელდა და ევროპულ ოჯახში გაწვრიანებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი  და საგარეო კუთხით მიღწეული წარმატებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მეზობელი ქვეყნების ლიდერებმა პირადად  მიულოცეს. ერთ-ერთი მაღალი რანგის ბოლო  ვიზიტი საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის სტუმრობა იყო.  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობაზე  გაამახვილა ყურადღება. გარდა ამისა, ვიზიტისას  საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებასაც გაესვა ხაზი.

2014 წლის დასასრულს, აღსანიშნავია საქართველოს  პრეზიდენტის თურქმენეთში ვიზიტი.   გიორგი მარგველაშვილი თურმქენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუჰამედოვს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენი კოლეგა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მოწვევა მიიღო და განაცხადა, რომ  საქართველოს აუცილებლად ესტუმრება.

ასეთი იყო ახალი ხელისუფლების  მოსვლის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მცირე მიმოხილვა. შეიძლება ითქვას, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით,  საქართველო მისი არსებობის მანძილზე, ევროპას ყველაზე მეტად დაუახლოვდა.

ვისურვოთ, რომ 2015 წელი საგარეო პოლიტიკის კუთხით, კიდევ უფრო წარმატებული იყოს.

თეონა ნოზაძე





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics