|
2018-04-13 17:22:57, 1236 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების პროცესის შესახებ მოსაზრებები საერთაშორისო კონფერენციას წარუდგინა
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც დანიაში იმართება. ფორუმის თემა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებია და მას ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიშელ ნიკოლეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, ასევე, ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების უმაღლესი პირები ესწრებიან. მთლიანობაში, საერთაშორისო კონფერენციაში 22 ქვეყნის მინისტრი მონაწილეობს. მათ შორისაა ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, გერმანიის, ლუქსემბურგის და სხვა ქვეყნის მინისტრები. თეა წულუკიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა თემებზე- სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მექანიზმის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მისი გაძლიერება; დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები სტრასბურგის სასამართლოში დაგროვილი საქმეების დროულად განხილვისათვის; განსახილველ საქმეში მესამე მხარედ ჩართვის მოქნილი მექანიზმის შემუშავება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა მარტივად და სწრაფად შეძლონ მათთვის მნიშვნელოვან საქმეებში დროულად ჩართვა; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის დახვეწა ევროპის საბჭოში, სახელმწიფოთა უკეთესი თანამშრომლობა ექსტრადიციის პროცესში იმ საქმეებზე, რომლებზეც დარღვევის გადაწყვეტილება იქნება . „2012 წლის ოქტომბერში ჩვენ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება და შევქმენით ეროვნული მექანიზმი დარღვეული უფლებების აღსადგენად. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შესული 123 განაცხადიდან 83 დასრულდა მხარეთა შორის მორიგებით. ამ მექანიზმის ამოქმედებისა და ჩვენ მიერ გატარებული ინსტიტუციური რეფორმების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შემოსული საქმეების რაოდენობა: 2017 წელს სულ 89 განაცხადი შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2012 წელს მათი რაოდენობა − 367-ს, 2011 წელს − 395-ს, 2010 წელს − 375-ს აღწევდა", − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქმეებისაგან განტვირთვის საქართველოს ხედვა შესთავაზა. თეა წულუკიანის წინადადებით, სასურველია, ევროპულ სასამართლოშივე დაინერგოს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმი. მისი თქმით, ეს მექანიზმი ეფექტურად დამკვიდრდა საქართველოს ეროვნულ სისტემაში, რამაც ხელი შეუწყო ევროპულ დონეზე წამოწყებული დავების ქვეყნის შიგნით სწრაფად მოგვარებას. იუსტიციის მინისტრი კონფერენციის მონაწილეებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის შერჩევის მექანიზმების დახვეწაზეც ესაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამის საჭიროება ასახულ იქნა დეკლარაციის ტექსტში. თეა წულუკიანი შეეხო ქვეყნების უფლებასაც − ჩაერთონ მესამე მხარედ განსახილველ საქმეში. მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ ოფიციალურად მიაწოდოს ინფორმაცია დავის თაობაზე ქვეყნებს, რომელთა შესაძლო ინტერესი შეიძლება იკვეთებოდეს საქმეში, რათა მათ დროულად განსაზღვრონ, ხომ არ მიიჩნევენ საჭიროდ მესამე მხარის სტატუსით პროცესში ჩართვას. კოპენჰაგენის კონფერენციის ფარგლებში იქნება მიღებული „კოპენჰაგენის დეკლარაცია", რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის რეფორმის გაგრძელებაა. რეფორმირების პროცესი 2010 წელს ინტერლაკენში (შვეიცარია) დაიწყო და მას შემდეგ მაღალი დონის კონფერენციები რეფორმირების პროცესზე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქტიურად იყო ჩართული კოპენჰაგენის დეკლარაციის ტექსტზე მუშაობის პროცესში და დოკუმენტში ჩვენი ქვეყნის მხრიდან არაერთი ინიციატივაა ასახული. მათ შორისაა: სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მოდელის გაძლიერება; სახელმწიფოების თანამშრომლობის გაძლიერება სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების მიზნით; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; და სხვ. აღსანიშნავია, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან საქართველოს ეფექტური კოორდინაციის შედეგად დეკლარაციის პირვანდელი ტექსტიდან ამოღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ინიციატივა სახელმწიფოთაშორისი დავების განსახილველად სპეციალური ორგანოს შექმნის თაობაზე, რაც დაასუსტებდა სტრასბურგის სასამართლოს როლს და შესაძლოა, გავლენა მოეხდინა საქართველოს მიერ ინიცირებული რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე 2 სახელმწიფოთაშორის დავაზე.
(NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)