01:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 14:32:53, 1359 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: დღეს მთავრობა აკეთებს ღია განაცხადს, რომ არსებულ გამოწვევებს მშვიდობით უპირისპირდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ახალი სამშვიდობო ინიციატივების შესახებ ისაუბრა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულის მიზანი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელშესახები სარგებლის მიღება, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობის წახალისებაა.

„დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს ღია და ქმედით განაცხადს იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი ურყევია და არსებულ გამოწვევებს უპირისპირდება მშვიდობით, განვითარებით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობითა და კონკრეტული ნაბიჯებით“, -  აცხადებს  ქეთევან ციხელაშვილი.

მისივე თქმით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი არის ქმედითი ნაბიჯი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია მშვიდობა, კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობა და იმ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს  ყოველდღიურად განიცდის.

სამშვიდობო ინიციატივების   საკანონმდებლო  ცვლილებათა პაკეტი,   რომელსაც საქართველოს მთავრობა განსახილველად პარლამენტს წარუდგენს, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის ამ რეგიონის მაცხოვრებელთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების  გაცემის და  ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.

ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში იმ მძიმე ვითარებას გაუსვა ხაზი,  რაც ხელოვნური ბარიერების შედეგად გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვისაა შექმნილი.

„25 წელია რაც გადაუჭრელი კონფლიქტი გვაქვს. 2008 წლის შემდგომ შექმნილი რთული ვითარება უკვე 10 წელია, ყოველდღიურად მძიმე გამოწვევებს უქმნის ადამიანებს ხელოვნური გამყოფი ხაზების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ამ ვითარების სიმწვავე და სიმძიმე კიდევ ერთხელ გამოვლინდა უდიდესი ტრაგედიის ფონზე, რაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასა და მისი ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურებას უკავშირდება.

იმ მძიმე დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ  მსგავსი ქმედებები მიმართულია დაძაბულობის ესკალაციის, ხალხთაშორის დაპირისპირების და შუღლის გაღვივების, დაშორიშორების გაღრმავებისა და სამშვიდობო კურსის შერყევისკენ,  რაც  საბოლოო ჯამში არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, არამედ ყველას უსაფრთხოების და მშვიდობიანი მომავლის წინააღმდეგ არის მიმართული, იქნებიან ეს ქართველები, ოსები თუ აფხაზები.

ერთი მხრივ, ჩვენ ვიქნებით სრულიად შეურიგებელნი ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების წინააღმდეგ გამიზნული ქმედებების მიმართ და მეორე მხრივ, გადავდგამთ კიდევ უფრო დინამიურ ნაბიჯებს დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების, პრაგმატული ინტერესების, მათი სწრაფვის გათვალისწინებით მშვიდობის, განვითარების და უკეთესი მომავლისაკენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics