|
2018-04-02 13:51:19, 1256 ნახვა
სამართალი
„სტერეო+“ და ამ კომპანიის პარტნიორები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი და ამავე კომპანიის პარტნიორები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „სტერეო+“-ზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული უკანონო ქმედება მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ამგვარ საქმეებში საკმაოდ გამოცდილ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის მიერ. „საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2012 წლის მაისში, შპს „სტერეო+“-ის ხელში ჩაგდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელდა შპს „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ ოფისების დარბევა, მათში განთავსებული სატელევიზიო და კომპიუტერული აპარატურის ქურდობა და საკომუნიკაციო ქსელებისა და ავეჯის დაზიანება. ყველაფერი ეს, ჩვენი ინფორმაციით, განხორციელდა დავით ბეჟუაშვილის დაქვემდებარებული პირების მიერ, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით. 2012 წლის დეკემბერში „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს. მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები და შეკრებილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები, დღემდე არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი, რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ დამნაშავეებმა შეძლეს საერთო ენის გამონახვა იმ პირებთან, ვისაც კანონით ევალება დანაშაულის ფაქტის გამოძიება, დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა და მათთვის ბრალდების წაყენება. დაუსჯელობით გათამამებულმა პირებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებელ დავით ზილფიმიანზე და სრულიად დაუსაბუთებელი სარჩელით მიმართეს სასამართლოს მისთვის 266 000 ევროს დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მხარეთა დასწრებისა და მათთვის შეკითხვების დასმის გარეშე, 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, გააუქმა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის შპს „Chemexim International”-ის სასარჩელო მოთხოვნა, რის შემდეგაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემამდე (დასაბუთებული გადაწყვეტილება დღესაც არ არსებობს), გამოწერა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რასაც უნდა მოჰყვეს შპს“ სტერეო +“-ში დავით ზილფიმიანის კუთვნილი წილის დაყადაღება და დავით ბეჟუაშვილის კომპანიაზე გადაფორმება. მიგვაჩნია, რომ შპს“ სტერეო +“-ში 50% წილის იმ ადამიანის ხელში გადასვლა, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ გამოიჩინა თავი თავისუფალ მედია საშუალებებში წილების უკანონდ ხელში ჩაგდებით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თავისუფალი მედია სივრცის განვითარებასა და დამკვიდრებას. ყველაფერი ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბეჟუაშვილს თავისი მფარველების დახმარებით დღესაც მიუწვდება ხელი ქვეყნის მართლმსაჯულებისა და პროკურატურაზე, რითაც გრძელდება მეტად საშიში ტენდენცია დამოუკიდებელი მედია კომუნიკაციების ხელში ჩაგდებისათვის“,-ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, კომპანია იწყებს ბრძოლას მის ხელთ არსებული ყველა რესურსითა და საშუალებით. „დახმარებისთვის მივმართავთ როგორც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც დღემდე მონდომებით უწევდა დახმარებას ქვეყნის ციფრული მაუწყებლობის განვითარებას, ასევე პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამ უსამართლობაზე, ასევე თანადგომისთვის მივმართავთ ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო და დიპლომატიურ უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველას ვისთვისაც ძვირფასია ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება“,-აღნიშნულია განცხადებაში.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)