18:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 11:49:40, 436 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთი მზადაა თავისი ჯარი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაფართოებისთვის გამოიყენოს

რუსეთი მზად არის, გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე გასაფართოვებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

მარგველაშვილმა დასავლეთს მოუწოდა, არასდროს შეეგუოს რუსეთის აგრესიას. მისი თქმით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის ომმა და 2014 წელს ყირიმის დაპყრობამ აჩვენა, რომ მოსკოვი მზად არის, არასტაბილურობა გამოიწვიოს იმ ქვეყნებში, რომელსაც ჯერ კიდევ თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

"ისინი ყველაზე სწრაფი და პირველები არიან, ვისაც საკუთარი ტანკები გამოყავს. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრაზიის კონტინენტის ნახევარი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. თუ მათ თავიანთ სუვერენულ სახელმწიფოში რაიმე სახის არასტაბილური გარემო აქვთ, მათი მეზობელი სწრაფად მოაგვარებს ამ პრობლემას "კალაშნიკოვებით", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

Associated Press-ის სტატიაში ასევე საუბარია, საქართველოს მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა.

"დაახლოებით 300 ამერიკელი სამხედრო საქართველოში იმყოფება ერთობლივი წვრთნებისთვის. ნატო საქართველოში საწვრთნელ ცენტრს ქმნის, საქართველო საიმედო კონტრიბუტორია ნატო-ს ოპერაციებში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში", - აღნიშნულია სტატიაში.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო ჯერ კიდევ გრძნობს სამხედრო საფრთხეს რუსეთისგან, მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანამ ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, როგორც 2008 წელს საქართველოში, 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინაში არასტაბილური გარემო შექმნა, რასაც ყირიმის მიერთება და რუსეთის მეგობარი პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა.

მარგველაშვილის თქმით, თუ დასავლეთის მხრიდან რუსეთის ქმედებები მკაცრად არ დაიგმობა, მსგავსი რამ რუსეთმა შესაძლოა, სხვა მოსაზღვრე ქვეყნებშიც გაიმეოროს.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო ძლიერი და პრინციპული მესიჯები იქნება, რომ ეს მიუღებელია და დარჩება მიუღებლად მაშინაც, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამასთან, სტატიაში საუბარია საქართველოში კრემლის პროპაგანდაზეც.

 "რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ახალი ამბების სააგენტო "სპუტნიკმა" საქართველოში დაიწყო მუშაობა, რომელიც ახალ ამბებს ქართულად და რუსულად აწვდის მკითხველს. რუსული სახელმწიფო ტელეარხებიც ფართოდ ხელმისაწვდომია“, - ნათქვამია სტატიაში.

მარგველაშვილის თქმით, კრემლის პროპაგანდის მიზანია, ქართველებს კითხვა გაუჩნდეთ საკუთარ არჩევანთან, ევროპასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

"მთავარი მესიჯია, რომ ევროპელები არ ზრუნავენ თქვენზე, თქვენ მიტოვებული ხართ, არჩევანი არ გაქვთ და საქართველოს ევროპული არჩევანი გაწირულია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებასა და ევროპულ უსაფრთხოებაში მის როლზე, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანა აფართოებს სავაჭრო კორიდორის როლს, რომელიც კასპიასა და შავ ზღვას აკავშირებს. მისივე ქმით, იგეგმება იმ სავაჭრო პარტნიორების რიცხვის ზრდა, რომელთაც საქართველოში სტაბილურობის ინტერესი აქვთ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 45 წლის მარგველაშვილს დოქტორის ხარისხი აქვს ფილოსოფიაში. მან კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი განათლების სფეროს დაუთმო, მათ შორის იყო განათლების მინისტრიც, ვიდრე 2013 წელს პრეზიდენტად აირჩევდნენ.

„იგი ბიძინა ივანიშვილის პირადი არჩევანი იყო, მილიარდერის, რომლის პოლიტიკურმა ძალებმაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკავშილის მთავრობა საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაამარცხეს. თავდაპირველად ივანიშვილის მარიონეტად მიჩნეულმა მარგველაშვილმა თანდათან თავისი კურსი აირჩია და მფარველისგან განცალკევდა. გამოკითხვების თანახმად, მარგველაშვილზე მაღალი რეიტინგი მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს“ - წერია სტატიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics