10:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 14:36:26, 1942 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: რუსეთის ხელისუფლებამ პრემიერისგან მიიღო სიგნალი, რომ საქართველო ახდენს კაპიტულაციას მის წინაშე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე  პრემიერ-მინისტრის განცხადებას ბუნდოვანს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მეტი განმარტებებია საჭირო.

როგორც დეპუტატმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ხმამაღლა  ითხოვდეს რუსეთის დასჯას, პრემიერი  რუსეთს ურთიერთობების დასათბობად ახალი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.

გოცირიძის შეფასებით, ეს პოლიტიკა ძალიან დამაზიანებელია:

„ეს განცხადება არის ბუნდოვანი და პრემიერ-მინისტრმა უნდა განმარტოს, თუ რა იგულისხმება მის უკან იმიტომ, რომ როდესაც პარლამენტში მზადდება ძალიან მკაცრი  რეზოლუცია, ხდება დაგმობა  რუსეთის ასეთი აგრესიული პოლიტიკის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცების, მკვლელობის, ადამიანის უფლებების შელახვის, როდესაც აგრძელებს რუსეთი ამ რეგიონთან მიმართებაში თავის აგრესიულ პოლიტიკას, ნაცვლად იმისა, საქართველო ითხოვდეს მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ხმამაღლა რუსეთის დასჯას, ტერიტორიის ოკუპაციის გამო, სანქციებში საქართველოს მიერთებას, მხილებას რუსეთი ქმედებისას  საერთაშორისო არენაზე,პრემიერი  რუსეთს მოუწოდებს, რაღაც ახალი ნაბიჯის გადადგმისკენ, ურთიერთობების დასათბობად. ეს არის სწორედ იმ უკიდურესად დამაზიანებელი  პოლიტიკის გაგრძელება, რაც  ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს  განხეთქილების საბაბი დასავლეთსა და რუსეთს შორი. ამ კონცეფციის უარყოფით შედეგებს ვიმკით დღემდე“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე აზრით, პრემიერის განცხადება ურთიერთობების სხვა საფეხურზე გადაყვანაზე მიუთითებს და, სავარაუდოდ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასაც კი გულისმხობს.

„ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ იმეორებს იმ შეცდომას, რომლის უარყოფით შედეგებსაც ვიმკით ეს 5 წელი წელიწადია.რომ რუსეთთან არის საუბარი  მკაცრი, პრინციპული პოზიციიდან, დასავლეთის გამოყენებით და არა საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რუსეთთან ურთიერთობების ე.წ. მორიგი დათბობის პოლიტიკის გატარება“,-აღნიშნა გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, „პრემიერის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ  მიიღო სიგნალი, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ახდენს კაპიტულაციას მის წინაშე და იგი  არ აპირებს ბრძოლას“.

„ განსხვავებით უკრაინისგან საერთაშრისო არენაზე მაშინ, როდესაც უკრაინა ითხოვს, მაქსიმალურად იყოს დასჯილი რუსეთი თავისი ასეთი აგრესიული პოლიტიკის გამო“,-განაცხადა რომან გოცირიძემ და აქვე განმარტა, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადება მთლიანად  ეწინააღმდეგება პარლამენტში მომზადებული რეზოლუციის სულიკვეთებას.

„არ არის გამორიცხული, პარლამენტმა ისეთი რეზოლუცია მიიღოს, რომელშიც არ იქნება ასახული რაიმე ქმედითი ნაბიჯები. არც ისაა გამორიცხული, მთავრობამ, რეალურად ივანიშვილმა აიძულოს პარლამენტი, რომ ხელი აიღოს რეზოლუციის მიღებაზე“,-ამბობს რომან გოცირიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს.

მთავრობის მეთაური რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს:

„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა  ქართველი ხალხის ცნობიერებასა და  საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები მკვეთრად შეიზღუდა
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics