16:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 11:25:55, 1685 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ გერმანელ კოლეგებს თავშესაფრის მაძიებლების და დანაშაულის შემცირების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰერბერტ როილს შეხვდა.

შსს-ს იფნორმაციით, შეხვედრაზე ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მხარეებმა მთავრობის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიასა და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ნინო ჯავახაძემ ხაზგასმით აღნიშნა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების საჭიროება და ჰერბერტ როილს მემორანდუმის ტექსტი პირადად გადასცა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გერმანიაში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება. ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს ინფორმაცია მიაწოდა ევროპოლთან მარტში დაგეგმილი მემორანდუმების გაფორმების შესახებ, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.

გერმანული მხარის თქმით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ კონკრეტული გზების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ის მიესალმება ქართული დელეგაციის ვიზიტს და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ჰერბერტ როილმა ქართული მხარის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ინიციატივები მოიწონა და მემორანდუმის გაფორმების პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვესტფალიის ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებით, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, გერმანიის რეპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის სამსახურის უფროსს, ფრანკ ჰოევერსა და ჩრდილოეთ ვესტფალიის ფედერალური მიწის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანდრეას ბოთეს. მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჯავახაძე ავსტრიის რესპუბლიკასაც ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა: ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან - პეტერ გოლდგრუბერთან, ავსტრიის რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის ფედერალური სამსახურის დირექტორთან - ფრანც ლანგთან და ფედერალური სამინისტროს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. ნინო ჯავახაძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორს, კატარინა ვიზერსაც შეხვდა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს, ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე, ხაზი გაუსვეს დანაშაულთან ბრძოლის ძალზედ ეფექტურ თანამშრომლობას და რეადმისიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics