05:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 10:27:31, 1354 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან შეხვედრაზე სახელმწიფო სერვისებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის საკითხები განიხილეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციებში  ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის საკითხები განიხილეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის დანერგვის გამოცდილების,  პროექტის სარგებლისა  და  სხვა დეტალების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  

აღინიშნა, რომ საქართველო  პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში  ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა და  2017 წლის 20 თებერვლიდან დღემდე სისტემაში უკვე მილიონამდე ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი.

„ბლოკჩეინ ტექნოლოგია საჯარო რეესტრის მუშაობის ერთგვარი აუდიტორი გახდა.  ბლოკჩეინში ინტეგრირება  უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციებს კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს ხდის",  – აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.

შეხვედრაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის პროექტის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. კერძოდ, აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი ამჟამად  უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოებაში გონიერი კონტრაქტების,  ე.წ.  სმარტ კონტრაქტების დანერგვის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. გონიერი კონტრაქტების სისტემის დანერგვა მხარეებს საშუალებას მისცემს, ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება ციფრულ ფორმატში განახორციელონ და  ქონება ელექტრონულად, განაწილებული სააღრიცხვო სისტემის მეშვეობით, საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, დაცულად დაირეგისტრირონ. 

პაპუნა უგრეხელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ბლოკჩეინში  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაიურიდიული პირების) რეესტრის სერვისების  ინტეგრირების იდეის დამუშავება.  პროექტის მიხედვით, სისტემაში ჰეშთან ერთად, სამეწარმეო რეესტრიდან მომზადებულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია აიტვირთება, რის შედეგადაც, საერთაშორისო მასშტაბით დაინტერესების და ერთიან ფორმატზე შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლოა, შეიქმნას საერთაშორისო სამეწარმეო რეესტრი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საჯარო რეესტრმა უკვე მიიღო  რამდენიმე შემოთავაზება პარტნიორი სახელმწიფოებისგან.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს შესაძლებლობაზე, საჯარო რეესტრმა  შეიძინოს ბლოკჩეინის   ჰაბის ფუნქცია, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიით დაინტერებულ სხვადასხვა უწყებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში,  ექსპერტული რეკომენდაციების მომზადებასა და ტექნოლოგიის პრაქტიკულად დანერგვაში დაეხმარება. ამასთან დაკავშირებით საუბარი შეეხო  წარმატებული პრეცენდენტის მთელი იუსტიციის სისტემაში განვრცობის შესაძლებლობას, მათ შორის, დამატებითი სერვისის სახით,  ნოტარიუსთა პალატის მიერ  ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სანოტარო წარმობაში გამოყენებას.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე  მსოფლიო ბანკის დელეგაციას ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა. 

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის- "Doing Business 2018" შედეგებს, რომლის მიხედვითაც, 190 ქვეყანას შორის, ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით საქართველომ მერვედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით კი, ქვეყანა კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ ხუთეულში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics