2015-05-13 15:52:51, 588 ნახვა
ეკონომიკა
ლევან კალანდაძე: ლარის კურსის დასტაბილურების კუთხით პოზიტიური მოლოდინებია
„დოლარის და ლარის მასის ბალანსის აღდგენის კუთხით პოზიტიური მოლოდინები არსებობს“ - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, სავალუტო შემოდინებების ზრდის წინაპირობები არსებობს.
„ლარის კურსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ერთის მხრივ სავალუტო შემოდინებების გაზრდაზე და მეორეს მხრივ, იმ მონეტარულ ინსტრუმენტებზე რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია. რაც შეეხება კურსის სტაბილურობის თემას, იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულის სეზონი მოდის, ეს აჩენს მოლოდინებს, რომ სავალუტო შემოდინებები გაიზრდება. აპრილის თვის მონაცემები უკვე შეიცავს ნიშნებს, რომ ტურისტული ნაკადებიდან შემოსავლები გაიზრდება და დოლარის და ლარის მასის ბალანსის აღდგენის კუთხით გარკვეული პოზიტივი იქნება. თუმცა კვლავ მაღალ რისკად რჩება ექსპორტის არცთუ სასურველი მაჩვენებელი და პირდაპირი ფულადი გზავნილები. ამასთან, პოზიტიული მოლოდინები უკავშირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებსაც. ასევე, ეკონომიკის სამინისტრომ საბოლოდ გამოაცხადა შეთავაზებები საპრივატიზაციო ობიექტებთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვან გარღვევას ვერ მოახდენს, თუმცა გარკვეული მაბალანსებელი ფაქტორი იქნება“, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
რაც შეეხება ლარის დასტაბილურების პროცესში ეროვნული ბანკის როლს, ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში მონეტარულ პოლიტიკაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
„რაც შეეხება მოკლევადიანი, შოკური და პანიკური ეფექტების მოხსნას, ეს უშუალოდ დაკავშირებულია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ მონეტარულ პოლიტიკაზე. ბუნებრივია, მონეტარული პოლიტიკა ლარს ვერ გაამყარებს, მაგრამ რყევების საპრევენციო ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კი გარკვეული პრობლემები გვაქვს. ჩვენ ვაგვიანებთ გადაწყვეტილებების მიღებას. არის ბევრი მონეტარული ინსტრუმენტი - ესაა მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ზრდა, რაც ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ გასულ კვირას განახორციელა. ეს შეიძლება გაგვეკეთებინა ერთი-ორი თვით ადრე და ეფექტი დღეს უკვე იქნებოდა ასახული ბაზარზე. მეორე ინსტრუმენტია ბანკებისთვის რეფინანსირების სესხის გაცემა. როდესაც ბანკებს ლარის მასა სჭირდება, ეროვნული ბანკი მათ აძლევს ლარის მასას და ამას ხსნის იმით, რომ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა აქვთ. ბანკებისთვის ე.წ. მუქთა ფულის მიცემით ვზრდით ფულის მასა. ეს ზრდა პირდაპირ რისკფაქტორს წარმოადგენს კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. რეფინანსირების სესხების გაცემა ან მცირე ხნით უნდა შეწყდეს ან მინიმუმამდე უნდა დავიდეს“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან