2015-05-11 15:58:39, 337 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: რუსეთი გაღიზიანებულია იმით, რომ საქართველო საერთოდ არსებობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის, განცხადებით, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ-ამერიკული წვრთნები ადასტურებს, რომ საქართველოს ამერიკის სახით დიდი გულშემატკივარი და მეგობარი ჰყავს.
"რუსეთი გაღიზიანებულია იმით, რომ საქართველო საერთოდ არსებობს, ამიტომ, ეს ფურცელი საერთოდ უნდა დავხუროთ.ეს უკვე მოცემულობაა, გავიგეთ .პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მასშტაბური წვრთნებია.ამდენი ამერიკელი სამხედრო იმყოფება ქართულ მიწაზე.ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ივარჯიშებენ ამ ორი კვირის განამვლობაში.ეს ტექნიკაც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ჯარისკაცებს, უფრო ინტენსიურ რეჟიმში ივარჯიშონ. რამდენიმე მიზეზით არის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი ეს წვრთნები, ის ადასტურებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ პარტნიორი გვყავს, არამედ- უზარმაზარი გულშემატკივარი და მეგობარი",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner 2015) დღეს დაიწყო. ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. „ღირსეული პარტნიორი“ საველე სწავლებასა და საბრძოლო სროლებს მოიცავს. ბატალიონის დონის სწავლება სამ ფაზად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები თეორიულ მომზადებას გაივლიან. მეორე ფაზის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან საცეცხლე მომზადებაა დაგეგმილი, ხოლო დასკვნით, მესამე ეტაპზე ტაქტიკური სწავლებები განხორციელდება. “ღირსეული პარტნიორი” საჩვენებელი წვრთნით დასრულდება. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი. ქართული მხრიდან სწავლებაში გამოყენებული იქნება ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ქსმ-2“. წვრთნებში ჩართულია ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და რამდენიმე ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანა. სპეციალურად სწავლებისთვის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა 2 მაისს ვარნადან (ბულგარეთის რესპუბლიკა) გამოიგზავნა საქართველოში, რომელიც ვაზიანში 6 მაისს დილით შევიდა. გახსნის ცერემონიალს მთავრობის.. სრული შემადგენლობა დაესწრო. სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართეს. გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ხრიდოლის ინსტრუქტორთა ჯგუფმა ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა გამართა. ღონისძიების დასასრულს 1/91 CAV „ჩარლი“
ასეულის სადესანტო ქვედანაყოფმა დესანტირება მოახდინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან