|
2015-05-10 10:42:12, 3051 ნახვა
კულტურა
პროექტი „მცოცავი საზღვარი“ – ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართული პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა
ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს 56–ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ქართული ნაციონალური პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვენეციის ცერემონიას ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი - ანა რაბოშენკო, „არტეს“ პრეზიდენტი პაოლო გრანდი, იტალიის საელჩოს წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები, კურატორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 2015 წლის ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, საქართველოს სახელით პროექტი „მცოცავი საზღვარია“ წარმოდგენილი. პროექტის კურატორია - ნია მგალობლიშვილი, არტისტები - რუსუდან გობეჯიშვილი, ირაკლი ბლუიშვილი, ნია მგალობლიშვილი, სოფია შევარდნაძე, ია ლიპარტელიანი და ჯოზეფ საბია. ქართულმა პროექტმა უცხოელ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტი სხვადასხვა საკნისგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს წარმოადგენს. ის ინტერაქტიულია. მის შინაარსს წარმოადგენს „საზღვარი, როგორც გეოგრაფიული დანაწევრების სისტემა და ამავდროულად, როგორც ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც განიცდის ევოლუციას საზოგადოების ცნობიერებასთან ერთად - დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში და დავინახოთ მსოფლიო საზღვრების გარეშე და პირიქით“. ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის გამოსავლენად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შემოსული 12 პროექტიდან საუკეთესო, ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით შეარჩია. ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება, - ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზეა“ განთავსებული. ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება (All the world’s futures)”. საერთაშორისო ხელოვნების ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრად ითვლება. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო. პროექტის კონცეფცია: „მცოცავი საზღვარი“ - რეალობაა, რომელშიც საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უწევს არსებობა. ეს პრობლემა განპირობებულია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობით. საქართველოს პავილიონი მიზნად ისახავს მაქსიმალურად ასახოს ეს რეალობა და გარკვეული ინტერვენცია მოახდინოს თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოედანზე. ეს არის პოლიტიკურ-სოციალური გზავნილი, რომელსაც ერთგვარი დისონანსი შეაქვს არსებულ ევროპულ რეალობაში. ძირითადი კონცეფცია მოიცავს გარკვეული მოვლენების მატარებელ ჯაჭვს, რომელიც DNM- ის ჯაჭვის ფაქტობრივი ანალოგია, ის არსებობს მისთვის შესაფერის გარემოში და ხშირად შეუმჩნეველი რჩება გარე ფაქტორების პროვოცირებად ზეგავლენამდე. „მცოცავი საზღვარი“, ხშირად, მხოლოდ საზღვრის ჩუმად გადმოწევასთან ასოცირდება, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩებანუამრავი ადამიანის პირადი ტკივილი, რომელიც თან ახლავს ამ ქმედებას. ვიზიტორს ეძლევა საშუალება მაქსიმალურად მიუახლოვდეს არსებულ რეალობას; სარკეებიან შემეცნებით ოთახში იგრძნოს თავი იმ ადამიანთა ადგილას, რომელთაც პირდაპირ შეეხოთ ეს ზეწოლა. კუნსტკამერა - მოგონებების ობსერვატორია ეს ის ადგილია, სადაც ადამიანის ქვეცნობიერის მსგავსად ინახება წარსულიდან შემორჩენილი ფრაგმენტები: ადამიანთა ისტორიები და მოგონებები, მოსაზღვრე ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ბავშების სახეები. სახეები, რომლებიც არავის ახსოვს, არავინ იმჩნევს... საბოლოოდ, ინსტალიაცია იღებს ერთგვარ ირონიზირებულ სახეს, იქცევა თამაშად. ამ თამაშს კი ნათელი ეფინება მხოლოდ ბოლო საკანში, რომელიც წარმოადგენს მარადიულ და შინაარს მოკლებულ წრებრუნვას.... კონსტრუქციაში მოქცეული მაყურებელი განიცდის დისკომფორტს, დისონანსში შედის მოცემულ გარემოსთან, რათა მაქსიმალურად იქნას მიახლოებული საქართველოში და მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)