08:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 18:43:34, 347 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას შემდგომ რეკომენდაციებს აძლევს

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე პროგრესული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ევროკომისიის შეფასებასთან ერთად, საქართველოსთვის რეკომენდაციებიცაა მოცემული.

 ევროკომისიის მიერ   საქართველოს მოქალაქეთა უფლებებთან დაკავშირებით,   რეკომენდებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ: 

გააფართოოს და განაგრძოს საქმიანობა თანასწორობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით;

გაააქტიუროს ძალისხმევა უმცირესობათა თემების ინფორმირებულობის გასაზრდელად მათი უფლებებისა და არსებული სახელმწიფო სერვისებისა და დახმარებების შესახებ;

მიიღოს ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად წინა სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილების სრულად გათვალისწინებით, ამ გეგმის ქმედითი განხორციელებისთვის ადეკვატური დაფინანსების უზრუნველყოფით და მონიტორინგის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებით მისაღწევი მიზნობრივი ინდიკატორებითა და მაჩვენებლებით.

გააგრძელოს იურიდიული სფეროს სპეციალისტების ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან მჭიდრო კონტაქტის პირობებში და სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებების სათანადოდ გათვალისწინებით..

ანგარიშში თავშესაფრის პოლიტიკის ნიშნულები ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება და  ნათქვამია, რომ  შემდგომი წინსვლის კარგი პერსპექტივა არსებობს.

რეკომენდებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ:  გაგრძელოს ჰუმანიტარულ საფუძველზე ვიზების გაცემის პროცედურების შემუშავებაზე მუშაობა;

 შექმნას თავშესაფრის შესახებ განაცხადებზე გადაწყვეტილების მიღების ხარისხის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ხარისხის მკაფიო ინდიკატორებზე იქნება დაფუძნებული;

 შეიმუშავოს დაგროვილი საქმეების მართვის სტრატეგია და მოულოდნელი ნაკადების საგანგებო მართვის სისტემა;

ხელმისაწვდომი გახადოს საკმარისი ოდენობის ადამიანური და ფინანსური რესურსები; უზრუნველყოს, როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეძლოს საქმეებზე მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება, დამოუკიდებლად და მხოლოდ კონკრეტული საქმის გარემოებების შესაბამისად.

იმ განმცხადებლებს, ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც თავშესაფარზე უარი მიიღო, უნდა მიეცეთ თუნდაც მინიმალური წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე, რომელზე დაყრდნობითაც გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომ მათ შეძლონ მისი სასამართლოში გასაჩივრება სამართლიანი სასამართლოს პრინციპით.

 შეიმუშავოს სტანდარტული ეროვნული სასწავლო პროგრამა როგორც ახალი, ისე გამოცდილი თანამშრომლებისათვის.  შემოიღოს წარმოშობის ქვეყნების მონაცემთა ბაზა და ანგარიშები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება განაცხადებზე მომუშავე ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადებზე მომუშავე თანამშრომლებს ჩაუტაროს ტრენინგები წარმოშობის ქვეყნის ძირითადი პრინციპების შესახებ. შემოიღოს მკაფიო გამიჯვნა წარმოშობის ქვეყანასა და თავშესაფრის პოლიტიკით უზრუნველყოფილ პროდუქტებს შორის.

უზრუნველყოს სამუშაო ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებში არსებული წარმოშობის ქვეყნის უწყებებთან.გადადგას ნაბიჯები იმის შესაფასებლად, თუ როგორ უნდა შემცირდეს საბუთების დამუშავების ვადა გასაჩივრების ეტაპზე და დაინერგოს უფრო გონივრული ვადა სასამართლოში გასაჩივრებისათვის, ვინაიდან დღეს არსებული 10-დღიანი პერიოდი მეტისმეტად ხანმოკლეა.

სააპელაციო პროცედურებისათვის ჩამოაყალიბოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადვილად ხელმისაწვდომი, დამოუკიდებელი და მაღალხარისხიანი უფასო იურიდიული დახმარების სისტემა. 

გააგრძელოს მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლტოლვილებს, რომლებსაც სურთ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, პრაქტიკაში ხელი მიუწვდებოდეთ ნატურალიზაციის პროცედურაზე.  მიღწეულ წინსვლაზე დამატებით, შეიმუშავოს ადგილებზე ინტეგრაციის სტრატეგია, მკაფიო, ეტაპობრივად გაწერილი სამოქმედო გეგმით. უზრუნველყოს საკმარისი მოცულობის სახელმწიფო დაფინანსება და კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმი.

მიგრაციის მართვის ნიშნულები ევროკომისიის მიერ თითქმის შესრულებულად ითვლება.

რეკომენდებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ: შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოღებული რისკების ანალიზის კონცეფციას ჩაამატოს მიგრაციის პოლიტიკის ყველა შესაბამისი სფერო, მათ შორის თავშესაფრის პოლიტიკა, სამარათლებრივი მიგრაციის პოლიტიკა და ინტეგრაციისა და რეინტეგრაციის საკითხები.

 მართვის ერთიან სტრუქტურაში გააერთიანოს რეინტეგრაციის ღონისძიებები, რომ მოხდეს მათი მართვა სტრატეგიულად, მკაფიოდ განსაზღვრული სექტორული პოლიტიკის მიმართულებების საფუძველზე. ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს მობილურობის ცენტრების უზრუნველყოფა მდგრადი დაფინანსებით და გაზარდოს მათი შესაძლებლობები რისკების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით.

საქართველოში (ნებაყოფლობით, დემპორტაციითა და რეადმისით) დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობის დასადგენად შექმნას ანალიტიკური ანგარიშგების სისტემა. უნდა ჩატარდეს უფრო ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები რეგიონულ, ადგილობრივ და ყველა სხვა დონეზე საქართველოს მოქალაქეების სამომავლო უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. 

ნიშნულები  ადამიანთა  ტრეფიკინგის სფეროში ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება. 

რეკომენდებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ: გადახედოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებას, კერძოდ, არსებული თავშესაფრების მოწყობასა და საქმიანობას და უზრუნველყოს, რომ ადეკვატურად დაკმაყოფილდეს მათი საჭიროებები, ვისაც თან ბავშვები ახლავს.

გადახედოს ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას, რომ ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა იდენტიფიცირებული და შესაძლო მსხვერპლისთვის.

გადახედოს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის სტატუსს, მანდატს და უფლებამოსილებას, რომ მან შეძლოს შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის იდენტიფიცირება და ქონდეს მსგავს დარღვევებზე რეაგირების უნარი.

 გადადგას ნაბიჯები ყველა სახის ექსპლუატაციის პროაქტიური, დაზვერვის მასალებზე დაფუძნებული უფრო ინტენსიური გამოძიების საწარმოებლად. 

შეიმუშავოს მკაცრი მიდგომა მათ წინააღმდეგ, ვინც სარგებლობს კომერციული სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ქალების ტრეფიკინგით; მიდგომას უნდა ქონდეს ორმხრივი ამოცანა – ჩვენებების უზრუნველყოფა და ამგვარ მომსახურებაზე მოთხოვნის აღმოფხვრა.

გადახედოს და გააუმჯობესოს ამ სფეროში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციებიდან მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რომ უკეთ განისაზღვროს ტრეფიკინგის მსხვეპლთა რაოდენობა, სქესი, ასაკი, ეროვნება და ექსპლუატაციის ტიპი.

 გადახედოს და გადაახალისოს სხვადასხვა ცხელი ხაზები იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი შეტყობინებების მიღება საზოგადოებისა და მსხვეპლების მხრიდან. გაიზარდოს კავშირები და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ,,ევროპოლის“ მიერ მიჩნეულნი არიან როგორც ტრეფიკინგის ძირითადი დანიშნულების ადგილები და წყაროები, ესენია: თურქეთი, ასევე აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი.  

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ნიშნულები ნაწილობრივ  დაკმაყოფილებულად ითვლება და არსებობს შემდგომი პროგრესის პერსპექტივა.

რეკომენდებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ:  გაატაროს სახელმწიფო სამსახურის რეფორმა და მიიღოს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ, განსაზღვრონ პროფესიონალური და დეპოლიტიზებული სახელმწიფო სამსახურის სტანდარტები.

კანონში გათალისწინებული უნდა იქნეს დამატებითი დამცავი ზომები სახელმწიფო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის განთავისუფლებასთან დაკავშირებით; დააწესოს ქონებრივი დეკლარაციის ფორმების სისტემატური კონტროლი, რომელიც გამაგრებული იქნება უსაფუძვლო გამდიდრების, ინტერესთა  კონფლიქტის და შეუთავსებლობის წინააღმდეგ მიმართული სანქციების სისტემით.

ახალი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ქონებრივი დეკლარაციების კონტროლს, უნდა ითვალისწინებდეს სიღრმისეული კონტროლის პროცედურებს დაუსაბუთებელი სიმდიდრის, ინტერესთა კონფლიქტის და შეუთავსებლობის გამოსავლენად, აგრეთვე სათანადო შემაკავებელ სანქციებს. 

მნიშვნელოვანია, რომ დაარსდეს საგანგებო უწყება, რომელიც აღნიშნული კონტროლის შედეგებს შეისწავლის, ან უკვე არსებულ უწყებას დაევალოს ამის გაკეთება;

უზრუნველყოს, რომ წესები, რომლებშიც განსაზღვრულია კრიტერიუმები სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებისთვის სატენდერო პროცესის გარეშე, გარკვევით მიუთითებდეს იმ კონკრეტულ გარემოებებს, როდესაც ამის გაკეთება შეიძლება, და იმ პროცედურებს, რომლებიც უნდა შესრულდეს.

აღნიშნულ პროცედურებში უნდა იყოს მოთხოვნა საზოგადოებრივი აზრის და საპირისპირო მოსაზრებების მქონე ადამიანების აზრის გათვალისწინების შესახებ. საჭიროა, რომ გადაწყვეტილებას ტენდერზე უარის თქმის შესახებ დამოუკიდებლად ამტკიცებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

კიდევ უფრო განამტკიცოს ინფორმატორების (whistle-blowers) რეალური დაცვა ანგარიშების უსაფრთხო წარმოდგენასთან დაკავშირებით წესებისა და პროცედურების შემოღებით, გაზარდოს საჯარო მოხელეების ცოდნა ინფორმატორობის (whistle-blowers)პრაქტიკასთან დაკავშირებით; გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ყველა რეკომენდაციის განხორციელებისთვის.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ნიშნულები  ევროკომისიის მიერ  თითქმის დაკმაყოფილებულად ითვლება.

რეკომენდებულია, რომ საქართველოს  ხელისუფლებამ:   გააძლიეროს საკანონმდებლო ბაზა ფულადი სახსრების საერთაშორისო მოძრაობასთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მისი განხორციელება; უკეთესად გამოიყენოს არსებული საკანონმდებლო ბაზა კრიმინალური ქონების კონფისკაციის მიზნით;

შეავსოს დარჩენილი ვაკანსიები ფინანსური მონიტორინგის სამსახურში; უზრუნველყოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მეთოდოლოგიისა და ოფსაიტ შემოწმების განყოფილებამ დაიწყოს საქმიანობა სრული შემადგენლობით და დაარსდეს ოფსაიტ მონიტორინგის დამოუკიდებელი განყოფილება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში;

 მეტი ყურადღება მიაქციოს და გაზარდოს ინფორმირებულობის დონე ანგარიშვალდებულ ორგანიზაციებში, რომლებიც ან არ წარმოადგენენ ან ძალზე მცირე რაოდენობით წარმოადგენენ სათანადო ანგარიშებს.

ამასთან, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ნიშნულები ნაწილობრივ  დაკმაყოფილებულად ითვლება და ანგარიშში   ნათქვამია, რომ არსებობს შემდგომი პროგრესის პერსპექტივა.

რეკომენდებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ: კიდევ უფრო გააძლიეროს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პოლიტიკის ის მხარე, რომელიც დაკავშირებულია მოწოდების შემცირებასთან, მათ შორის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით,  რომლებიც მიზნად დაისახავს გამიჯნოს ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ფლობა და მათი რეალიზაცია;

გაითვალისწინოს სამართლებრივი კონტროლის შემოღება პოლიციის მიერ დაუგეგმავად განხორციელებულ ნარკოშემოწმებებზე. 

სამართალდამცველ უწყებებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული ნიშნულები თითქმის დაკმაყოფილებულად ითვლება.

რეკომენდებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ:  დაიწყოს შეფასების რეგულარული ანგარიშების მომზადება ყველანაირ საფრთხეებთან, მათ შორის სამომავლო ტენდენციებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით სამართალდამცველი უწყებების მუშაობაზე (რომელსაც  დაზვერვის სამსახური ჩაუდგება სათავეში) და რეგულარულ შეფასებაზე დაყრდნობით.

 განახორციელოს ინფორმირების პროგრამა პოლიციასა და მთავარ პროკურატურაში, მათ შორის რეგიონებში, საოპერაციო დონეზე საერთაშორისო თანამშრომლობის მასშტაბის შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics