|
2017-12-01 16:06:16, 1885 ნახვა
სამართალი
ვინ იყო სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი „ცალხელა აჰმედი“ და რა აკავშირებდა მას საქართველოსთან
21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს, ლაფანყურის საქმის ფიგურანტი და "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი გავლენიანი ტერორისტი, აჰმედ ჩატაევი გარდაიცვალა. ჩატაევის შესაძლო გარდაცვალების ამბავს ქართული მედია რამდენიმე დღის განმავლობაში არვცელებდა. სპეცოპერაციის დროს მისი ლიკვიდირების შესახებ პირველად უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ჯარისკაცმა, დავით მაყიშვილმა განაცხადა. 10 დღის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩატაევის გარდაცვალება დაადასტურა. უწყებაში განაცხადეს, რომ მან თავი აიფეთქა. "ექსპრესნიუსი" მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ტერორისტის, ISIS-ის რუსულენოვანი ქვედანაყოფის "იარმუკის ბატალიონის" უფროსის და აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი აჰმედ ჩატაევის ბიოგრაფიას გთავაზობთ: აჰმედ ჩატაევი 1980 წელს სოფელ ვედანაში დაიბადა, რომელიც 1834-1859 წლებში შამილის (ჩრდილო-კავკასიური) იმამატის ბოლო დედაქალაქი იყო. 1999 წელს, ჩატაევი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომში ჩაება, თუმცა მალევე ტყვედ ჩავარდა. ტყვედ ყოფნის დროს, რუსები აწამებდნენ, რის შედეგადაც მან ცალი ხელი დაკარგა. ამას რუსული მხარე დღემდე უარყოფს და აცხადებს, რომ ჩატაევმა ხელი ბრძოლის დროს დაკარგა. 2001 წელს, პირველ მეუღლესთან და შვილთან ერთად, აჰმედ ჩატაევი ავსტრიაში ლტოლვილად ჩაბარდა და 2 წელიწადში თავშესაფარი მიიღო, სადაც მას კიდევ 2 შვილი შეეძინა. 2003 წელს, რუსეთმა ჩატაევზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2008 წლის მარტში ჩეჩნეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, ჩატაევი შვედეთში იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვის გამო დააკავეს. მას 18-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2009 წელს გათავისუფლდა. 2010 წელს, იგი მობილურში ასაფეთქებელი ტექნიკის გამოყენების მეთოდებისა და მოკლული ადამიანების ფოტო-ფაილების აღმოჩენის გამო, უკრაინა-სლოვაკეთის საზღვაზე დააკავეს. რუსეთმა მაშინაც მოითხოვა მისი ექსტრადირება, თუმცა ჩატაევი საქართველოს გადმოსცეს. ამის შემდეგ ჩატაევი პანკისის ხეობის სოფელ დუისში დასახლდა და მეორედ დაოჯახდა. "ცალხელა აჰმედი“ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს რეკრუტირებული აგენტი იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის განცხადებით, ჩატაევის დახმარებით, საქართველოში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმაც აღკვეთეს. ოპერატიული აგენტის რანგში, ჩატაევი პანკისის ხეობაში, ჩეჩენი და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების ჩამოყვანას და წვრთნას ხელმძღვანელობდა. შემდგომ, ლორთქიფანიძის თქმით, ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო. ამის შემდეგ, 2012 წლის 28 აგვისტოს, ლაფანყურის სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ ჩატაევი მძიმედ დაიჭრა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მან ციხის საავადმყოფოში ოთხი თვე გაატარა. ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით, აჰმედ ჩატაევი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2013 წლის 18 იანვარს კი, "დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო", მთავარმა პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5-000 ლარიც უკან დაუბრუნდა. 2013 წელს, ჩატაევმა საქართველოს ტერიტორია დატოვა და ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ სირიაში გადავიდა. სირიაში ჩასვლის შემდეგ, ის ISIS-ის დაჯგუფებას შეუერთდა, რომელსაც ორი ქისტი თარხან ბათირაშვილი (აბუ უმარ ალ-შიშანი) და რუსლან მაჩალიკაშვილი (საიფულა ალ-შიშანი) მეთაურობდნენ. იმის გამო, რომ ჩატაევი საბრძოლო მოქმედებებში ვერ მონაწილეობდა ის ოპერაციების დაგეგმარებითა და დაჯგუფების ფინანსებით იყო დაკავებული. მოგვიანებით, როდესაც აშშ-ის კოალიციამ ISIS-ის ლიდერი თარხან ბათირაშვილი მოკლა, მის პოსტს დროებით აჰმედ ჩატაევი იკავებდა. 2015 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩატაევი „გლობალური ტერორისტების შავ სიაში“ შეიყვანა. გაეროს მონაცემებით, აჰმედ ჩატაევის ქმედებების შედეგად 130-მდე ადამიანი დაიღუპა. ამავე წლის ივლისში, ჩატაევი სირიიდან ქართულ ხელისუფლებას დაემუქრა. ის ყოფილი იმამის აიუბ ბორჩაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა. ხელისუფლება ბორჩაშვილს "ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს ედავებოდა, რომელიც შემდეგ თავად ბრალდებულმა აღიარა. ახლა ბორჩაშვილი 14-წლიან სასჯელს იხდის. გარდა ამისა, 2016 წელს, "ცალხელა აჰმედი" სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორად დასახელდა, რის შედეგადაც 43 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ჩატაევის კავშირს ტერაქტთან თურქი სამართალდამცველები ამ დრომდე არ ადასტურებენ. ოთხი წლის შემდეგ, ლაფანყურის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა თბილისში ისევ დაბრუნდა. დღემდე უცნობია, თუ როგორ გადმოკვეთა მსოფლიოს ერთ-ერთმა გავლენიანმა ტერორისტმა საქართველოს საზღვარი. 22 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. კითხვების ნაწილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს უპასუხეს. როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. რაც შეეხება სხვა პირებს, გიორგობიანმა აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ და შესაბამისად, ჯერჯერობით მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. „გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია. საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა 1 პირი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე.მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან. მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის დროს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცავების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს, გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის გათვალისწინებით. 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებიდან 2 პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა - ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. სამწუხაროდ, ერთი თანამშრომელი, ივანე გოლაშვილი ამ სპეცოპერაციის დროს დაგვეღუპა. დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი, და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება. გამოძიების ამ ეტაპზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)