|
2015-05-02 19:01:05, 644 ნახვა
ეკონომიკა
ვილჰელმ მოლტერერი: გაცვლითი კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი გასაღები საბანკო სექტორია
„გაცვლითი კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი მთავარი გასაღები საბანკო სექტორია“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ლარის კურსის გაუფასურებასა და საქართველოს საინვესტიციო გარემოზე საუბრისას განაცხადა. მოლტერერის შეფასებით, საქართველოს ფინანსურ სექტორში უპირატესობა აქვს. „საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს. ქვეყანაში სტაბილური საბანკო და ფინანსური სექტორია და ეს მთავარი გასაღებია. ფისკალური დისციპლინა მდგრად საფეხურზეა, სწორედ ამას ეძებს ყველა საერთაშორისო ინვესტორი. ამასთან, საქართველოს ევროპული პესპექტივის არჩევანი აქვს და ეს ძლიერი ინსტრუმენტია. ეს ფაქტორები ეკონომიკური ზრდის წინაპირობა შეიძლება იყოს“, - განაცხადა ვილჰელმ მოლტერერმა. მოლტერერის შეფასებით, საქართველო ინვესტორებისათვის რამდენიმე ფაქტორის გამოა მიმზიდველი. „ორი ფაქტორია, რის გამოც საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველია. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანას ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს და ეს პერსპექტივა საქართველოს ეკონომიკაზე დადებით გავლენას ახდენს. მეორე მიზეზი ესაა ქვეყნის გეო-პოლიტიკური მდებარეობა, რომ მას შეუძლია იყოს დამაკავშირებელი ჰაბი. ეს ფაქტორები საქართველოს ძალიან მიმზიდეველს ხდის, როგორც პოლიტიკური, ასევე ბიზნესის მიმართულებით. როდესაც თბილისში რეგიონალურ ოფისს ვხსნიდით, ვიცოდით რომ საქართვველო ამ კუთხით ცენტრია, ეს რეალური ჰაბია. რამდენიმე სფეროა, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკს შეუძლია, რომ საქართველოს განვითარებაში დაეხმაროს. ესაა ენერგეტიკა, ენერგოეფექტურობის ზრდა, ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეებს მხარდაჭერა ჰქონდეთ, რათა შესაძლებლობები გამოიყენონ და ევროპულ ბაზარზე გავიდნენ. ასევე მხარდაჭერა სჭირდება მუნიციპალიტეტებს, სოფლის მეურნეობას, რომელსაც აგრეთვე უდიდესი პოტენციალი აქვს“, - განაცხადა ვილჰელმ მოლტერერმა. რაც შეეხება საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ხელისშემშლელ ფაქტორებს, ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბევრი ქვეყნის მაჩვენებლებს აჭარბებს. „დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება არავისთვისაა მარტივი. საქართველო სწორედ ისეთ გეო-პოლიტიკურ არეალში მდებარეობს, სადაც გავლენა დიდია. საქართველოს მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს, რადგან ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდის სტრატეგია აირჩია, იგივე შეიძლება ითქვას კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. მთავრობას ევროპული პერპექტივისა და რეფორმების პროცესის ნათელი ხედვა აქვს. თუკი საქართველოს ძირითად ეკონომიკურ მონაცემებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ეს ციფრები შთამბეჭდავია. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 26 პროცენტით გაიზარდა. ეს მნიშვნელოვნად მეტია იმაზე, რისი მიღწევაც სხვა ქვეყნებს შეუძლიათ. ვიცი ქვეყნები, რომლებსაც უარყოფითი ეკონომიკური ზრდა აქვთ. საქართველოს დადებითი ეკონომიკური ზრდა კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. რაც მთავარია მთავრობამ არ უნდა დაკარგოს ამბიცია. მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ საქართველოს დღევანდელ მთავრობას სწორედ ეს გზა აქვს არჩეული და ეს პოზიტიური მოვლენაა“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)