01:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 15:38:03, 1924 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩვენ არ მივიღეთ არცერთი ის ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა

„ქართველ ხალხს ექნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიები და ეყოლება უფრო ძლიერი პარლამენტი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ვენეციის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ თანამშრომლობისთვის ვენეციის კომისიას - პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს, მდივან თომას მარკერტს და ექსპერტებს  მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი კომისიასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითად არსზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია არ არის შესაბამისობაში ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან, რაც 2010 წელს ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებაშიც დადასტურდა. მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. 

„ახლა, მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებისა და კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების გაძლიერება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი. ჩვენ გვინდა, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც აღკვეთს ნებისმიერი სახის ავტორიტარიზმის საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში და  გვჯერა, რომ ახალი დოკუმენტი უზრუნველყოფს ძლიერ გარანტიებს ამისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ შეასრულა ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობა და არცერთი ის ნორმა არ მიიღო, რომელიც ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არსებობს არცერთი ისეთი ნორმა, რომელიც მმართველ პარტიას სარგებელს აძლევს - განსხვავებით მოქმედი კონსტიტუციისგან.

„დასაწყისშივე, ჩვენ მტკიცე პირობა მივეცით ვენეციის კომისიას, რომ არცერთი ნორმა არ იქნებოდა მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რომელსაც ნეგატიურად შეაფასებდა ვენეციის კომისია და ჩვენ ვიმოქმედეთ ვენეციის კომისიისთვის მიცემული ამ დაპირების შესაბამისად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ არ არსებობს არცერთი ნორმა, თუ შევადარებთ ორ სხვადასხვა დოკუმენტს - მოქმედ და ახალ კონსტიტუციას, არ არსებობს არცერთი ნორმა, რომელიც სარგებელს აძლევს მმართველ პარტიას. ვერავინ ვერ დაასახელებს ასეთ ნორმას, რაც ამტკიცებს არა მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლას, არამედ საკონსტიტუციო კულტურისა და საკონსტიტუციო ტრადიციების შეცვლას საქართველოში, რაც ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics