07:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 11:54:40, 2207 ნახვა

ეკონომიკა
ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია საკონტეინერო გადაზიდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია საკონტეინერო გადაზიდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 „ბოლო დროს მედიაში საქართველოს რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების საკითხი აქტუალურ თემად იქცა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარი შეისწავლა (შედარებულია 2016 – 2017 წლების პირველი ორი კვარტალი). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა, რომლებიც პორტის წინა სარკინიგზო სადგურებში (ფოთი, ბათუმი) დაიტვირთა - მზარდია. კერძოდ, მიმდინარე წლის წინა პერიოდის მაქსიმალურ მაჩვენებლებთან მიმართებაში (2017 წლის  იანვართან შედარებით) მაისისა და ივნისის თვეში 24 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.  ასევე,  მზარდია საკონტეინერო ტვირთნაკადი აზერბაიჯანის მიმართულებით - 20 ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვამ ზრდის 89 %-იან ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, რომელიც აზერბაიჯანის დანიშნულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის რეგულარულ (კვირაში 3 დღე) მიმოსვლას და ტარიფების შემცირებას მოყვა, 40 ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვის მოცულობები სტაბილურია და  მნიშვნელოვნი გაუმჯობესება არ შეინიშნება, რაც ბაზარზე მძაფრი კონკურენციით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია გარემოება, რომელიც საკონტეინერო გადაზიდვებზე ტარიფის ლარიზაციის შედეგად დადგა. კერძოდ, ადგილობრივი საკონტეინერო გადაზიდვა 10 %-იანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შიდა საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების ლარიზაციის შედეგად  შიდა ბაზარზე საკონტეინერო გადაზიდვების სარკინიგზო წილი გაიზარდა, ტარიფების ცვლილება (იხ: http://railway.ge/?web=2&action=page&p_id=463&lang=geo),  ავტო-სატრანსპორტო საკონტეინერო გადაზიდვებთან მიმართებაში, მაღალ კონკურენტუნარიანობას  ვერ უზრუნველყოფს.

სტაბილურია სომხეთის მიმართულებით საკონტეინერო ტვირთნაკადი და საერთო საკონტეინერო ტვირთნაკადის 35 – 40 %-ს შეადგენს. თუმცა, აქაც არის პრობლემები. კერძოდ, ტარიფისა და ლოჯისტიკური დეტალების გათვალისწინებით,  40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ,,კარიდან კარამდე" სერვისი, ავტო-ტრანსპორტთან მიმართებაში არ არის კონკურენტული.

ზემოთ მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოწვეული შედეგები სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული. ასოციაცია დადებითად აფასებს ტრასეკას დერეფნის და ტრანს-კასპიური საერთაშორისო მარშრუტის ფარგლებში, ლოჯისტიკური ჯაჭვის მონაწილე მხარეების მიერ  ტვირთნაკადის მოზიდვის მიზნით გაწეულ ძალისხმევას.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ,,საქართველოს რკინიგზის" ადგილობრივ გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებისა და ხელმოწერის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა, ინოვაციური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული ნოვაცია აუმჯობესებს სერვისს, ხელმისაწვდომს და მობილურს ხდის მომსახურებას, იზოგება დრო და ფინანსური სახსრები, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ჯაჭვის სრულყოფისათვის. ასევე, ეს სიახლე სამომავლოდ საერთაშორისო გადაზიდვების დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატში წარმოების მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის“, - ნათქვამია ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის განცხადებაში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics