|
2017-06-26 10:40:38, 1805 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიამ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა
მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიხსნა, სადაც მეზღვაურებს, კურსანტებსა და შეკრებილ საზოგადოებას გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მინისტრმა ასევე დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო, სადაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით დაწესებული მამა ილია კარტოზიას სახელობის პირველი ჯილდო ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის რამდენიმე მეზღვაურს და მათი ოჯახის წევრებს პირადად გადასცა. მეათე ნავმისადგომზე გამართული ღონისძიება ზღვაში გვირგვინის ჩაშვების ცერემონიით დასრულდა, რითიც მთავრობის წევრებმა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლებმა დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს. როგორც გახარიამ ჟურნალისტებთა საუბარში აღნიშნა, მთავრობის ვალია ამ ხალხის შრომითი პირობების გაუმჯობესება. „ეს არის ხალხი, ვისაც უდიდესი ღვაწლი აქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, რადგან ისინი ზრუნავენ არამხოლოდ თავიანთი ოჯახებისთვის, არამედ ასევე რეგიონისთვის და ქვეყნისთვის. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალია ამ ხალხის შრომითი პირობების გაუმჯობესება, ამ მიმართულებით საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროსტანდარტებს მეზღვაურთა დასაქმების სფეროში, რაც ქართველი მეზღაურებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურება. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ თუ დღეს ქართველი მეზღვაურებისთვის მსოფლიოს ფლოტის ოთხმოცი პროცენტი არის წვდომადი დასაქმებისთვის, ამ მიმართულებით გვექნება მეტი პროგრესი და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მამუკა ახალაძის განცხადებით, მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. „დღეს მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველო, აღნიშნავს მეზღვაურის დღეს. ჩვენ ვართ საზღვაო ქვეყანა, რომელსაც დღეს ჰყავს ათი ათასზე მეტი რეგისტრირებული მეზღვაური და ეს ადამიანები დასაქმებულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალანაზღაურებადი პროფესია, მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და დღეს ჩვენ მათ საჯაროდ ვუხდით მადლობას შრომისა და იმ ღვაწლისთვის, რასაც ქვეყნისთვის ეწევიან“ – აღნიშნა მამუკა ახალაძემ. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განაგრძობს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას, რაც მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის დახვეწას გულისხმობს. მანვე აღნიშნა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ნაწილია, რომელიც საზღვაო განათლების ხარისხისა და მეზღვაურთა კონკურენტუნარიანობის გაზრდას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ 25 ივნისი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ 2011 წელს დააწესა და ის საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2017 წელს მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმში ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა. (NS)
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)