15:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 16:31:44, 1957 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს.

შეთანხმებას აღნიშნულთან დაკავშირებით ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს.

პროექტის მიხედვით, დაფინანსდება ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა და დაახლოებით, 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება 315,2 მლნ აშშ დოლარია. აქედან, აზიის განვითარების ბანკი 108,19 მლნ ევროს დააფინანსებს. პროექტი 2017 წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.

დღეს არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს პრობლემას უქმნის. შედეგად, იქმნება საცობები და სახიფათო საგზაო შემთხვევები. პრობლემის გადასაჭრელად, უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას საკურორტო ზონაში, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა.

ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, პროექტის თანადაფინანსება მოხდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ, რომლის მიერ გამოყოფილი იქნება 114 მლნ აშშ დოლარი. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „შედეგად, მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალი, რომელიც გვჭირდება, რათა გვერდი ავუაროთ ტურისტულად დატვირთულ ბათუმს, შემდგომ წლებში აშენდება."

„აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მჭიდრო, ათწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. აზიის განვითარების ბანკმა ამ პერიოდის განმავლობაში 2.3 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება მოახდინა საქართველოში, ჩვენი პარტნიორობა კი იზრდება და ღრმავდება. ეს პროექტი კიდევ ერთი მაგალითია მჭიდრო პარტნიორობისა. ADB-ის 141 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსით, მთავრობის თანამონაწილეობითა და ასევე, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, შევძლებთ საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური პოტენციალის ამაღლებას", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

აღნიშნული პროექტი დადებითად აისახება რეგიონში ეკონომიკურ წინსვლაზე ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მეშვეობით, აგრეთვე, გამოიწვევს მგზავრობისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შემცირებას და ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის განვითარებაზე რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებს შორის.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics