2015-04-17 13:19:43, 375 ნახვა
პოლიტიკა
21 აპრილს სახელმწიფო პროგრმა „C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში“ იწყება
21 აპრილს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი „C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში“ დაიწყება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ჯანდაცვის სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.
როგორც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, 21 აპრილს საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ კომპანია „გილიარდს“ შორის, რომელიც პრეპარატის „სოფუსბუვირის“ მომწოდებელია, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერბა.
პირველ ეტაპზე პროგრამაში 5 000 პაციენტი ჩაერთვება. ეტაპობრივად კი პროგრამით სარგებლობა C ჰეპატიტით დაავადებულ ყველა ადამიანს შეეძლება.
პროგრამის ფარგლებში პირველადი რეგისტრაცია მემორანდუმის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში დაიწყება. რეგისტრაციისათვის პაციენტებმა სოციალური მომსახურების სააგენტოებს უნდა მიმართონ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, საწყის ეტაპზე პროგრამაში ის პაციენტები ჩაერთვებიან, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
„პროგრამაში ჩართვის წინაპირობა პაციენტის ღვიძლის მდგომარეობა იქნება და პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება. დარეგისტრირებული პაციენტის დოკუმენტაციას შესაბამისი კომისია განიხილავს და თანხმობის შემთხვევაში პაციენტი სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას თავად აირჩევს. ასევე ჩვენ ვეცდებით აღმოვაჩინოთ ის პაციენტები, ვინც საკუთარი დაავადების შესახებ არ იცის. კონკურსის წესით ჩვენ შევარჩევთ კლინიკებს, რომლებიც ამ სერვისის მიმწოდებლები იქნებიან“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.
მისივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოიტანენ და მკურნალობის ფარგლებში მოხდება პაციენტის მონიტორინგი.
რაც შეეხება მედიკამენტის ღირებულებას, სოციალურად დაუცველებისათვის მისი ღერებულების 70%–ს ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს, ხოლო 30 %–ს თვითმმართველობა.
დანარჩენი მოქალაქეები 70%–ს თავად დააფინანსებენ, 30% კი , სახელმწიფო ბიუჯეტი.
„ C ჰეპატიტის ელიმინიაცია საქართველოში“ 5 წლიანი პროგრამაა. პირველ წელს მის ფარგლებში 5 000 პაციენტი იმკურნალებს.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე ამ პროგრამის ბიუჯეტი 2 მლიონი ლარით განისაზღვრება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა 100 000–დან 120 000–მდე მერყეობს. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, მათგან საკუთარი დაავადების შესახებ 10–12%–მა იცის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან