18:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 11:45:04, 1024 ნახვა

რეგიონი
ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა გადაეცა

ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციების ფარგლებში სხალთისა და ღორჯომის ხეობებს ეწვია, სადაც  აჭარის მთავრობის, დეპუტატების და ხულოს მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად  ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა, ტოიოტა „ლენდ კრუიზერი LC-78" გადასცა.

რეგიონის ხელმძღვანელი სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნო. ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, ახალი სასწრაფო დახმარების ავტომანქანები მიულოცა და მაღალმთიან რეგიონში დაწყებული თუ სამომავლოდ განსახორციელებელი  პროექტების შესახებ ესაუბრა. მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მთავრობის თავმჯდომარეს. მათ აღნიშნეს, რომ ახალი სასწრაფო მანქანები მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურებას ხეობის სოფლებში. 

,,დღეს მხვდა წილად ბედნიერება, რომ ღორჯომისა და სხალთის ხეობების მოსახლეობისთვის დანაპირები შემესრულებინა. მათ ახალი, თანამედროვე, მთისთვის ადაპტირებული სასწრაფო დახმარების მანქანები გადავეცით. 2 მანქანა იქნება განკუთვნილი  თითოეული ხეობისთვის. მანქანები ჯამში - 272 ათასი ლარი დაჯდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, ვინაიდან ჩვენი მთავარი საზრუნავია ხალხი და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას უკეთესი პირობები შევუქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაღალმთიანი აჭარა იყოს ძლიერი, აქ გაიზარდოს ჯანსაღი, ჯანმრთელი ახალგაზრდობა. აქ უნდა განვითარდეს ტურიზმი, აქ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ჩვენ გვჭირდება სრული სერვისები და სწორედ დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი მაგალითი ამ სერვისების განვითარების", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. ახალი ავტომანქანების შეძენით სრულად განახლდა ხულოს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი. ახალი ტექნიკა ღორჯომისა და სხალთის თემის მოსახლეობას მოემსახურება. ავტომანქანები მაღალმთიანი აჭარის რელიეფურ და კლიმატურ პირობებზეა გათვლილი. მაღალი გამავლობის, კომფორტული ავტომანქანები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფს პირველადი-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას.

ავტომანქანების შესაძენად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 272 000 ლარი გამოიყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, აჭარაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლება 2014 წელს დაიწყო. 11 სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანა რაიონულ ცენტრებში განაწილდა. ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონულ ფილიალებს ორ-ორი ავტომობილი, ხოლო ქობულეთის რაიონულ ცენტრს 3 საშუალო და 2 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა. ასევე, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ქედის რაიონულ ცენტრს ადმინისტრაციული შენობა სარგებლობაში გადასცა.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics