17:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 12:17:36, 2258 ნახვა

სამართალი კომენტარი
შს მინისტრი აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე: საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია, ამ საქმეზე კითხვები არ დარჩეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეში ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნულს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მხოლოდ დაკავებულის ადვოკატის განცხადების საფუძველზე ან მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიებზე დაყრდნობით, არგუმენტის გარეშე საქართველოს ან აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების ან აფგან მუხთარლის ამ ტიპის ქმედებაში დადანაშაულება უსამართლობაა.

მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები და ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

როგორც მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ.

„გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას აზერბაიჯანის მოქალაქის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა.

მოგეხსენებათ, რომ ოჯახის წევრების მხრიდან აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხთარლის შესახებ ინფორმაციის გავრცლებისთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.  

გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებებისგან მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ მათი მოქალაქე აფგან მუხთარლი დაკავებული იქნა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო თანამშრომლების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბალაპენცკის რაიონის მიმართულებით საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული უცხოური ვალუტის საქართველოდან აზერბაიჯანში კონტრაბანდის სახით გადატანის გამო.

საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სახელმწიფო საზღვრის კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა, ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია - მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე. ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აფგან მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გვერდის ავლის წინასწარ შემუშავებული სქემა, რომ ეს არ იყო პრეცედენტი და იგი რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

ჩვენ ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ ზემოხსენებულ გარემოებებს. გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ამ ვერსიის უტყუარობა და ავთენტურობა. ასევე ის, ჰქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს და ახორციელებდნენ თუ არა საზღვრის  ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს.

პარალელურად, განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს აფგან მუხთარლის მეუღლე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი ლეილა მუსტაფაევა და მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიკოვი. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ის თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. მისი თქმით, თავდამსხმელებს სამოქალაქო სამოსი ეცვათ და ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მუთხარლის ადვოკატის განცხადება სრულიად ცალმხრივად და დაუსაბუთებლად იქნა ატაცებული გარკვეული პირების მხრიდან და ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე ხდება ამ ვერსიის ტირაჟირება. ჩვენ კარგად გვესმის ზოგიერთი ჩვენი მოქალაქისა და ორგანიზაციის ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, თუმცა ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, არასწორად და დაუშვებლად მიგვაჩნია საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება, მით უმეტეს, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა.

ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ.

ჩვენ ქვეყანაში აზერბაიჯანული ეროვნების ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და სახელმწიფო არასდროს დაინტერესებულა მათი დამოკიდებულებით აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აზერბაიჯანელ პარტნიორებსაც არასდროს მოუმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ოფიციალური ან არაოფიციალური თხოვნით, პოლიტიკური შეხედულებების გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეების უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვასთან ან რაიმე ფორმით მათ იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ არც თავად აფგან მუხთარლის მხრიდან დაფიქსირებულა რაიმე მიმართვა შესაბამისი უწყებებისადმი მისი პირადი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მხოლოდ დაკავებულის ადვოკატის განცხადების საფუძველზე ან მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიებზე დაყრდნობით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საქართველოს ან აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების ან აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხთარლის ამ ტიპის ქმედებაში დადანაშაულება უსამართლობაა. პირველ რიგში სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია ამ საქმეზე კითხვები არ დარჩეს. გამოძიებით დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები და ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა. ყველას მოგიწოდებთ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თავი შევიკავოთ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან“, - განაცხადა შს მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics