|
2015-04-15 12:43:47, 570 ნახვა
ეკონომიკა
ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის 7 ქალაქში რეგულარული ფრენის უფლება ექნებათ
ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები რუსეთის 7 ქალაქში განახორციელონ, ხოლო რუსულ კომპანიებს - თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დასრულდა „როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს შეწყვეტილ იქნა ცალმხრივად და 2010 წლიდან ქვეყნებს შორის ხორციელდებოდა მხოლოდ ჩარტერული რეისები. 2014 წლის 27 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა, თუმცა, მხოლოდ თბილისი–მოსკოვის მიმართულებით. 2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისში, ქ. თბილისში ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შემდეგ, რომლებსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენელი, გაგრძელდა დამატებითი ტექნიკური კონსულტაციები შესაბამის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონსულტაციები მიმდინარე კვირაში დასრულდა და მიღწეულ იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე – ფრენის სიხშირეები, გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ა.შ. თბილისი–მოსკოვის გარდა შეთანხმება შედგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლების თაობაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებს შორისაც. კონსულტაციების შედეგად, რეგულარული ფრენები შესრულდება ასევე ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში მოქმედი ხელშეკრულების დანართში განსაზღვრულ პუნქტებს შორისაც. კერძოდ, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ რუსეთის 7 ქალაქში - მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი. ხოლო რუსულ კომპანიებს - თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ფრენის სიხშირეები თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე განისაზღვრა – ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე თითოეული მხრიდან, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე – 21 სიხშირე. რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს სხვა ზემოთჩამოთვლილ ქალაქებს შორის, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სიხშირეები იქნება შეუზღუდავი, როგორც ეს იყო ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ მონაცემების თანახმად, 2014 წლის ნოემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, სულ მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წლის განმავლობაში ეს პერიოდი გამოირჩევა მგზავრთნაკადის ყველაზე დაბალი აქტივობით, ხოლო ზაფხულის სეზონზე, რომელიც მგზავრთნაკადის მაღალი აქტივობით გამოირჩევა, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ წარმოებული დაძაბული და ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია - მომხმარებელებს საშუალება მიეცემათ, თავისუფლად დაგეგმონ მგზავრობა და ისარგებლონ ამ მიმართულებებით შექმნილი კონკურენტული გარემოთი, ასევე აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადის ზრდას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)