08:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 15:29:34, 2028 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი შეწყდა

თბილისის საქალაქოში სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა შეწყდა.

აღნიშნულის მიზეზი გახადა ის, რომ ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა და თავის ადვოკატებსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდა.

იქედან გამომდინარე, რომ დაცვის მხარემ ბრალდებულის მოთხოვნის შესაბამისად სხდომა დატოვა, მხოლოდ პროკურორების მონაწილეობით სხდომა ვერ გაგრძელდებოდა და საქმის განხილვა შეწყდა.

ამასთან, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, ადვოკატებმა არ დაიცვეს სამართლებრივი პროცედურები და დაარღვიეს საპროცესო კოდექსი, როდესაც სხდომის დატოვების თაობაზე, არ მიმართეს მოსამართლეს. პროკურორისვე ინფორმაციით, ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაძევებულნი იქნენ დარბაზიდან.

მისივე თქმით, მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევის განმეორების შემთხვევაში, მამალაძის ადვოკატები საქმეს ჩამოცილდებიან და ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. 

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე  არსებითი განხილვის სხდომის სრულად  დახურვის გამო, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო სხდომა დატოვა და ადვოკატებსაც იმავე ქმედებისაკენ მოუწოდა.

სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ ამჯერადაც  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლების თქმით, არსებითი განხილვის სხდომების  დახურვა მართლმსაჯულების ინტერესებიდან და სასამართლო პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოითხოვეს, ვინაიდან პროკურორების განმარტებით, საქმე შეიცავს პერსონალურ და პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციებს, მათ შორის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით და მათი გამჟღავნება მიზანშეუწონელია.

 პროცესის  დახურვაზე შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და თავად ბრალდებული. ადვოკატების თქმით, სასამართლო უნდა იყოს ღია, რათა მოქალაქეებმა არა მხარეების მხრიდან, პირადად მოისმინონ პოზიციები, არგუმენტები და გააკეთონ ანალიზი.  ამასთან, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, "როცა საუბარია მორალზე, ზნეობაზე და მას პროკურატურა ფარად იყენებს,  საზოგადოებაა მორალი,  ზნეობა და დასამალი არაფერია". მამა გიორგი მამალაძემაც აღნიშნა, რომ მზადაა, გასაჯაროვდეს მისი პირადი მიმოწერა, რომელიც საქმესთან შემხებლობაშია.

თუმცა მოსამართლემ პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, არსებითი განხილვის სხდომა სრულად დახურა.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics