06:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 19:42:41, 1934 ნახვა

სამართალი
საია: ლაშა თორდიას საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლაშა თორდიას საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ექსპრესნიუსი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"საია კიდევ ერთხელ ეხმიანება ლაშა თორდიას საქმეზე მიმდინარე გამოძიების არასწორ კვალიფიკაციას.  საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (სსკ-ის 3531 მუხლი).

საია მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ აღწერილი მოვლენების 126-ე მუხლით დაკვალიფიცირება  სამართლებრივად არასწორია. იმისთვის, რომ ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება, გადამწყვეტია გამოძიების თავიდანვე სწორი კვალიფიკაციით წარმართვა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მომხდარზე სიმართლის დასადგენად უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები. თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), საგამოძიებო ორგანოს არ ექნება ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების ოფიციალურად გამოთხოვის უფლება.

შესაბამისად, ეფექტური გამოძიებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქმე წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შინაარსისა და ჩართული მხარეების გათვალისწინებით, აღნიშნული საქმე სცდება ერთი სისხლის სამართლის საქმის მასშტაბს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, ეფექტურად, მიუკერძოებლად და დაცული იქნეს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი, რომლის მიხედვითაც კანონი თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად - არავინ შეიძლება დადგეს კანონზე მაღლა", – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics