|
2017-05-13 17:09:51, 2487 ნახვა
კულტურა
„ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მთაწმინდის პარკში გაიმართა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცირე-ოჯახური და საშუალო მარნები, მსხვილი მწარმოებლები და ცნობილი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოები წარუდგენეს. ,,ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს ,,ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნეს. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი ხანიშვილი, რევაზ ასათიანი, იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საერთაშორისო ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ფესტივალის მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მცირე და საშუალო წარმოების ხელშეწყობა და საქართველოში ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. ,,აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება ,,ახალი ღვინის ფესტივალში“ როგორც მონაწილეთა, ასევე ფესტივალის ვიზიტორების, მათ შორის უცხოელი ტურისტების რიცხვი. „ახალი ღვინის ფესტივალი“ წელს, უკვე მერვედ ჩატარდა. პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს გაიმართა, მონაწილეობას ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა, წელს კი ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 110-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა, სტუმრების რიცხვი კი, ათეულ ათასზე მეტია. ეს, ნათელად ადასტურებს ფესტივალის მნიშვნელობას, პოპულარობას და პრესტიჟულობას“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. წელს, „ახალი ღვინის ფესტივალზე“ საკუთარი პროდუქცია ღვინის მწარმოებელმა მცირე მარნებმა, საოჯახო მეურნეობებმა და თითქმის ყველა მსხვილმა კომპანიამ წარმოადგინა. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები საგანგებო შერჩევის გზით „საქართველოს ღვინის კლუბმა“ რეგიონებში გამოავლინა. ფესტივალზე საკუთარი სტენდი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, სადაც ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო-კვლევით ბაზაზე გაშენებული ქართული იშვიათი და უნიკალური ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარმოადგინა. საკუთარი ხელით წარმოებული პროდუქცია აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის სტუდენტებმაც წარმოადგინეს. ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა პერფორმანსთან ერთად ტრადიციულად, საზეიმოდ ქვევრი გაიხსნა და საფერავის სასაჩუქრე კასრები გათამაშდა. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო მედიატური, რომელშიც ღვინის პროფესიონალები და ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ჟურნალისტები (აშშ-დან, კანადიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან) მონაწილეობდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)