2015-01-13 20:01:05, 715 ნახვა
საზოგადოება
„სილქ როუდ გრუფი“ აზარიანცის შენობაზე საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს
„სილქ როუდ გრუფი“ მელიქ აზარიანცის შენობაზე სრული კონტროლის დაწესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს.
ამის შესახებ კომპანია „დეველოპმენტ სოლუშენ“-ის დირექტორი გიორგი მარრი აცხადებს.
მისივე ინფორმაციით, „სილქ როუდ ჯგუფმა“ აღნიშნული შენობის ნაწილი საბაზრო ფასად გამოისყიდა, ნაწილი კი, 2008 წლის დასაწყისში მათ სახელმწიფომ გადასცათ.
თუმცა, მარრის თქმით, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ფართებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და პანტომიმის თეატრი იკავებს.
„ჩვენი ჯგუფის საკუთრებაში ამ შენობის 90%-მდე ფართია. ამ ფართის უდიდესი ნაწილი გამოვისყიდეთ საბაზრო ფასად კერძო მესაკუთრეებისგან. შემდგომში, 2008 წლის დასაწყისში, ფართების ნაწილი გადმოგვეცა სახელმწიფოსგან.
თუმცა, სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ ფართებს დღესაც იკავებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო (2500-მდე კვ.მ.) და პანტომიმის თეატრი (1000-მდე კვ.მ.). როგორც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ფართების ნაწილს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიც იკავებს“, –აღნიშნა გიორგი მარრმა.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი აზარიანცის შენობაზე სრულ კონტროლს განახორციელებს, მათ საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.
„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სამთავრობო უწყებებს ფართების მიმართებაში შექმნილი მდგომარეობის მოწესრიგების მოთხოვნით, რომ სრული კონტროლი განვახორციელოთ ამ მართლაც გამორჩეულ ისტორიულ შენობაზე და არ დავუშვათ ამდაგვარი ფაქტების განმეორება. ამჟამინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ აღგვითქვა ამ პრობლემის მოგვარება, იმედია, საკითხი მალე გადაწყდება. მხოლოდ ამ საკითხების გადაწყვეტის და მთლიანად შენობაზე კონტროლის დაწესების შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე საინვესტიციო პროექტის განხორციელება“,– განაცხადა მარრმა.
აქვე, მარრი აზარიანცის სახლში გაჩენილ ხანძარსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაბამისი კონსტუქტორები არიან მოწვეულები, რომლებიც ამ შენობის სახურავის აღდგენის სამშენებლო გეგმას შეადგენენ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ულამაზეს შენობაში ხანძარი გაჩნდა, საბედნიეროდ, სწრაფად მოხერხდა მისი ლოკალიზება და უკონტროლო სტიქიაში არ გადაიზარდა, ამიტომ შენობის სერიოზული დაზიანება თავიდან აცილებულია. დღეს მოვიწვიეთ კონსტრუქტორები, რომლებიც შეადგენენ სახურავის აღდგენის სამშენებლო გეგმას, იმისთვის,რომ შენობა გადავარჩინოთ შემდგომ დაზიანებას“, – აღნიშნა მარრმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან