06:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 13:57:50, 1972 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის გაზრდაზე გავლენა ვიზალიბერალიზაციამ იქონია

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, 2016 წლის ნოემბრის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის  გაზრდაზე გავლენა ვიზალიბერალიზაციამ იქონია.

საყვარელიძის თქმით, როცა ადამიანებმა დაინახეს, რომ ევროპა დგამს ნაბიჯებს  საქართველოსკენ, გაიზარდა  მათი ოპტიმიზმი და სურვილიც,  თვითონაც საპასუხო ნაბიჯები გადადგან:

„მეორეს მხრივ, აღნიშნულიც არის ამ ინფორმაციაში, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი(  2000-ზე მეტი იყო რესპოდენტი ), წარმოადგენდა  რეგიონებში მაცხოვრებლებს ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, იმათაც, ვინც ეროვნულ უმცირესობებს განეკუთვნება. მათ სპეციფიური დამოკიდებულება აქვთ საბჭოთა კავშირის  დანგრევის მიმართ და  არაერთხელ გამეორებულა ასეთი შედეგი, რომ ბევრს აქვს ნოსტალგია საბჭოთა კავშირის დანგრევაზე  ისეთებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში  უკეთესად გრძნობდნენ თავს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ალბათ, ეს გარკვეული თვალსაზრისით ბუნებრივი“,-აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ჩნდება კითხვა-თუკი გამოკითხულთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო,  რატომ  ირჩევენ ევროკავშირს და არ უჭერენ მხარს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას?

 რამაზ საყვარელიძის ვარაუდით,  საბჭოთა კავშირის ნოსტალგიაში  არა პოლიტიკური წყობის ნოსტალგია, არამედ  იმდროინდელი ცხოვრების წესის მიმართ ნოსტალგია იგულისხმება:

„პოლიტიკური ორიენტაცია მათ რუსეთზე რომ ჰქონდეთ, მაშინ ევრაზიული კავშირი უფრო მისაღები იქნებოდა. მაგრამ ხვდებიან რომ ის პერიოდი აღარ დაბრუნდება და დღევანდელ პირობებში მიაჩნიათ, რომ უკეთესია ევროპისკენ სიარული, ვიდრე რუსეთისკენ. ბუნებრივია უფრო ის, რომ რუსეთზე უარს იტყოდნენ, ვიდრე ის პროცენტიც კი, რაც ევრაზიულმა კავშირმა მიიღო“, - განუცხადა “ექსპრესნიუსს“ რამაზ საყვარელიძემ.

ინფორმაციისთვის, ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, 2016 წლის ნოემბრის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა 71 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა. წინა კვლევების მსგავსად, ევროკავშირის მხარდაჭერა შედარებით დაბალია უფროსი ასაკის ადამიანებში (70 პროცენტი, მაშინ როცა ახალგაზრდებს შორის ეს მაჩვენებელი 84 პროცენტია) და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში (54 პროცენტი).

NDI-ს ცნობით, ევროკავშირში წევრობის სურვილი, ძირითადად, ეკონომიკური და დასაქმებასთან დაკავშირებული ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა გაწევრიანების მხარდამჭერებს ასევე მიაჩნიათ, რომ წევრობა საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიას გააძლიერებს. მათგან ვინც არ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ წევრობა რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს, ხოლო მეოთხედს (24 პროცენტი) სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეროვნულ იდენტობას შეასუსტებს.

მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (92 პროცენტი) ინფორმირებულია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, თუმცა ეს მაჩვენებელი დაბალია უმცირესობათა დასახლებებში (64 პროცენტი). უმრავლესობის აზრით (78 პროცენტი), უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობა ფინანსურად ვერ გასწვდება ევროპაში მოგზაურობას. უმრავლესობა, 64 პროცენტი, ასევე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის წესებისა და პროცედურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს. მიუხედავად ამისა, 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავა. მეტიც, მოქალაქეების მეოთხედი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა ქართული “მენტალიტეტისა და ეროვნული იდენტობის დაკარგვას” გამოიწვევს.

ნატოს მხარდაჭერა კვლავაც მყარია - 68 პროცენტი ემხრობა ორგანიზაციაში წევრობას. ევროკავშირის მსგავსად, ეს მხარდაჭერა შედარებით დაბალია უფროსი ასაკის ადამიანებში და უმცირესობათა დასახლებებში. ნატო-ში გაწევრიანების მომხრეები ფიქრობენ, რომ ეს გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას (71 პროცენტი), ამასთანავე 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრობა სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. ნატო-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს რუსეთის მხრიდან აგრესიას გამოიწვევს. კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობაში ნატოს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. მაგალითად, მოსახლეობის მეოთხედი (23 პროცენტი) ფიქრობს, რომ საქართველო უკვე ნატო-ს წევრია.

მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგი ან ცუდი მოვლენა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა: 48 პროცენტი ამბობს, რომ კარგი იყო, 42 პროცენტი კი - ცუდი. მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ არსებობს ალბათობა, რომ უფროსი ასაკის ადამიანები, უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონენი და ისინიც ვინც ნაკლებად ხედავენ უვიზო მიმოსვლის სარგებელს საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევდნენ. მეტიც, დიდი ალბათობით ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას და არ აღიარებენ რუსული პროპაგანდის არსებობას, ასევე, არ მიესალმებიან საბჭოთა კავშირის დაშლას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics