|
2017-05-09 15:30:35, 2077 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთ სიმღერას ვმღეროდეთ, ეს ჩვენი ბუნების გამრუდება იქნება
„მე ველი ისეთ საქართველოს სადაც გვეყოლება 3-4 ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება მუდმივად კამათში, მაგრამ არც ერთ მომენტში არ მოუნდება მეორე ძალის განადგურება“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებიც ქვეყნის მოქალაქეები არიან. "თუ ჩვენ შევხედავთ საარჩევნო სისტემას არა როგორც პრეროგატივას ხელისუფლების ჰქონდეს ეს სისტემა ხელში, არამედ თუ სრულიად კონსენსუსის საფუძველზე შევქმნით სისტემას, იმას მივიღებთ რაც ქართველებისთვის ბუნებრივია. არა გაყოფა ორ ბანაკად, არა ერთმანეთის შეურაცხყოფა, არა მტრად გადაკიდება, არა მტრების ძიება მუდმივად პოლიტიკაში; როცა მოდიხარ პოლიტიკაში და მერე ფიქრობ, რომ რაღაცა ვერ გააკეთე, იმის მაგივრად, რომ შენ თავს დააბრალო, მტერი უნდა იპოვო, მერე იმას უნდა სდიო, მერე მთელი ხალხი უნდა ჩააბა ამ მტერთან ბრძოლაში. ამის მაგივრად ბუნებრივი და საქართველოსთვის შესაბამისი არის, რომ ჩვენ გვქონდეს რამდენიმე არჩევანი. თუმცა არა ის არჩევანი, რომელშიც ჩვენ პოლიტიკურად გავიზარდეთ. ოპოზიცია უპირისპირდება ხელისუფლებას, მერე ოპოზიცია მოდის ხელისუფლებაში, ლანძღავს ყოფილ ხელისუფლებას, მერე ისევ იგივე მეორდება და ასე ერთმანეთის ლანძღვაში, შეურაცხყოფაში, გადაკიდებაში ერთმანეთთან და არა საგნობრივ კამათში ვატარებთ ჩვენ წლებს. ასე დავუპირისპირდით ერთმანეთს. ეს ასე აღარ უნდა იყოს. ორპოლუსიანი პოლიტიკაა, როდესაც შენი მეზობელი, შენი მეგობარი, შენი მოქალაქე, თურმე არის ან შეკრული ან მტერი, ან დამანგრეველი და ეს ემოცია მუდმივად მოდის პოლიტიკოსებისგან. მუდმივად გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანი ანგრევს ქვეყანას, ეს რომ არ იყოს ავშენდებოდით. ამის მაგივრად უნდა იყოს და მე მგონია გაჩნდება, პირველ რიგში 3-4 პოლიტიკური ცენტრი და ჩვენ მოქალაქეები მათ შორის ავირჩევდით ნორმალურ გზას, რომლისკენაც უნდა ვიმოძრაოთ. ეს არის ის სიმშვიდე, რომელსაც ჩვენ მოვიტანთ ჩვენ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ - ძალიან დიდი ხანია ვარ და ვართ პოლიტიკაში და აქ მსხდომი ადამიანები დიდი გამოცდილების მატარებლები ვართ, არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც მმართველობას ბოლომდე ჩაიგდებს ხელში. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს, იმის წინა ხელისუფლების დროსაც. ყველას ეგონა, რომ სამუდამოდ არის მოსული. არ უნდა დაუპირისპირდე ოპოზიციას, უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ ისიც შენი მოქალაქეა. სხვანაირად ფიქრობს, შენ უფრო მართალი ხარ, მაგრამ ისიც შენი მოქალაქეა", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იკამათონ, თუმცა ერთმანეთის განადგურების სურვილი არ უნდა ჰქონდეთ. "უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ ერთიან საქართველოში ვცხოვრობთ. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ერთიან საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი ან მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა იყოს მართალი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა მარტო ერთ სიმღერას ვმღეროდეთ. ეს იქნება ჩვენი ბუნების გამრუდება. არასდროს არ ყოფილა ქართული სიმღერა ერთხმოვანი, ყოველთვის იყო მრავალხმოვანი. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ და მე, ვიცხოვრო, ისეთ ქვეყანაში სადაც ერთიანი არის ყველა, ყველას აზრი ერთიანია. ეს ნიშნავს დეგრადაციას. ასეთი ქვეყნები სამწუხაროდ არსებობს და იქ ცხოვრება არავის არ უნდა. ამიტომ, მე ველი ისეთ საქართველოს სადაც გვეყოლება 3-4 ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება მუდმივად კამათში, მაგრამ არც ერთ მომენტში არ მოუნდება მეორე ძალის განადგურება, ციხეში ჩასმა. ასეთ საქართველოს ველი და იმედი მაქვს, რომ მომავალი საკონსტიტუციო ცვლილებები აქეთ გადაგვადგმევინებს ნაბიჯს", - დასძინა გიორგი მარგველაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)