03:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 21:20:22, 2077 ნახვა

ეკონომიკა
ერონული ბანკი: 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასები შემცირებული იყო

2016 წლის დასაწყისში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ოდნავ აღემატებოდა,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უკვე პარლამენტშია.

„საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითად ფუნქციას ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ ფუნქციის შესასრულებლად საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ გამოცხადებას საშუალოვადიანი პერიოდისთვის. 2015-2016 წლებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5 პროცენტი იყო. 2016 წლის დასაწყისში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ოდნავ აღემატებოდა.

2015 წელს დაფიქსირებული აქციზური გადასახადების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ და გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო სამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე (კერძოდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების მატებამ ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა განაპირობა. შესაბამისად, უკვე 2016 წელს, ამ ეფექტის ამოწურვის შემდგომ წლიური ინფლაცია შემცირდა. 2016 წლის განმავლობაში დაბალი ინფლაციის ერთერთი მიზეზი სუსტი შიდა მოთხოვნა იყო, რაც დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგს წარმოადგენდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გამოითვლება, მეტწილად იმეორებდა მთლიანი ინფლაციის ტრაექტორიას, თუმცა მისი დონე მთლიან ინფლაციასთან შედარებით მაღალი იყო, რასაც სურსათის ფასების ზრდის დაბალი ტემპი და საწვავზე ფასების შემცირება განაპირობებდა“,-ნათქვამია ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი „სურსათის და უალკოჰოლო სასმელების“ ჯგუფია, რომლის წონა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით 31 პროცენტს შეადგენდა. 2016 წლის დასაწყისიდან სურსათის ინფლაცია მცირდებოდა და წლის მეორე ნახევარში ნულოვან ნიშნულთან ახლოს იყო. 

„2016 წელს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები წინა წელთან შედარებით ძირითადად შემცირებული იყო. შედეგად, მთელი წლის მანძილზე საწვავის ფასები ინფლაციის შემცირების მიმართულებით მოქმედებდა, თუმცა ივლისიდან ამ ფაქტორმა ამოწურვა დაიწყო, ხოლო დეკემბერში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო, საწვავის ფასები გაიზარდა და წლიურ ინფლაციაში მისმა წვლილმა 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.  ამასთან, ბანკის ცნობით, 2016 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასები შემცირებული იყო.

„სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს. 2016 წლის განმავლობაში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლის დასაწყისთან შედარებით ძირითადად მყარდებოდა; შედეგად, იმპორტირებული საქონელი წლის განმავლობაში საშუალოდ იაფდებოდა. თუმცა, დეკემბერში იმპორტირებული საქონლის ინფლაციამ 1.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი წვლილი საერთო ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც წინა თვეში ეს მაჩვენებელი -0.7 პროცენტული პუნქტს უტოლდებოდა. ამ ცვლილებაში საწვავზე ფასების მატების წვლილი ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, 2016 წლის დეკემბერში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, რამაც ასევე გარკვეული გავლენა იქონია ინფლაციის მატებაზე. ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია წლის დასაწყისიდან დეკემბრამდე მცირდებოდა, რაც შეიძლება ზემოხსენებულ საბაზო ეფექტს და სუსტ შიდა მოთხოვნას დავუკავშიროთ.
საქონლის მოხმარების ხანგრძლივობის მიხედვით ფასების ცვლილების განხილვა გვიჩვენებს, რომ 2016 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასები შემცირებული იყო. ხანგრძლივი მოხმარების საქონლის კატეგორია მეტწილად იმპორტირებულ სამომხმარებლო საქონელს მოიცავს (მაგ. ავტომობილები, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.) 2015 წელს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, აღნიშნულ საქონელზე ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა. 2016 წელს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებასთან ერთად ფასები წინა წელთან შედარებით შემცირდა და წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებელმა -2.3 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდისთვის ხანმოკლე მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე ფასები, შესაბამისად, 2.6 და 2.2 პროცენტით იყო მომატებული, ხოლო საშუალო მოხმარების საქონელზე 1.9 პროცენტით შემცირებული“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშში.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც შემუშავებულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს "ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ", "ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს", "ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს" და აუდიტორების მიერ დამოწმებულ "საფინანსო ანგარიშგებას".  

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე. 

წლიური ანგარიში განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=348





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics