|
2017-04-25 17:23:04, 811 ნახვა
სამხედრო
ლოგისტიკის დღე დასავლეთ სარდლობაში ტაქტიკურ-ოპერატიული სწავლებით აღინიშნა
ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბმა ტაქტიკურ-ოპერატიული დონის ლოგისტიკური სწავლება - „აღალი 2017“ ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები ძალების მიზიდვით სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო ლოგისტიკოსებისთვის პროფესიული დღის მისალოცად და ლოგისტიკურ სწავლებაზე დასასწრებად სენაკში, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი ჩავიდნენ. ღონისძიებას დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი და სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ. ლოგისტიკური სწავლების მიზანი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ლოგისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების და ელემენტების შერწყმა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება იყო. სწავლების ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბიქტორ სილაგაძემ სტუმრებს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ადგილზე მოწყობილი მართვის და მომარაგების პუნქტი, ასევე საველე ლაზარეთი და სამედიცინო პოლიკლინიკა დაათვალიერებინა. „აღალი 2017“ ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების II და III ქვეითი, II საარტილერიო ბრიგადების ლოგისტიკური ქვედანაყოფები, ასევე საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონი, სამედიცინო პოლიკლინიკა და სამხედრო პოლიცია მონაწილეობდა. სწავლების დასრულების შემდეგ, პოლკოვნიკებმა ზაზა ჩხაიძემ, გიორგი მათიაშვილმა და მედეა ბეთაშვილმა, ასევე დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების მეთაურებმა საბრძოლო მომზადებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 30 სამხედრო ლოგისტიკოსი უწყებრივი მედლებით დაჯილდოვეს. სენაკის პარალელურად, ლოგისტიკის დღე თბილისში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზაზე აღინიშნა, სადაც სამხედრო ლოგისტიკოსებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. 1992 წლის 25 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდა „შეიარაღებისა და ტექნიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო“ და „ზურგის მთავარი სამმართველო“. ამ სტრუქტურებით ლოგისტიკური ელემენტების დანერგვას საფუძველი ჩაეყარა. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლოგისტიკის დღედ 25 აპრილი განისაზღვრა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური სამსახურების მიერ სამშვიდობო მისიებში მყოფი ქართველი მოსამსახურეების სრული ლოგისტიკური უზრუნველყოფა ხორციელდება. სამხედრო ლოგისტიკოსები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც აქტიურად მონაწილეობენ.
(NS)
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)