06:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 15:44:13, 2562 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ჯავახაძე: მაღალი ეკონომიკური ზრდა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და ექსპორტის ზრდამ განაპირობა

„წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.4% შეადგინა“, - ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

 მინისტრის მოადგილის თქმით, 2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა იყო  5.2%,  შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 4,8%-ის დონეზე დაფიქსირდა.

„ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შემუშავებისთვის დაკვირვება ხდება საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვაზე. შესაბამისად, 2017 წლის თებერვლის თვეში,  გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მათი ბრუნვა გაიზარდა 14.6%-ით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 27%-ით არის გაზრდილი საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი, 22%-ით - ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, 10.5%-ით - საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (მომსახურების ექსპორტი) გაზრდილია 20.1%-ით“, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

მისივე განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში ისეთმა დარგებმა შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, განსაკუთრებით - მშენებლობა, ასევე სასტუმროები, რესტორნები და ვაჭრობა.

„ზოგადად, დადებითი ტენდენციები აღინიშნება რამდენიმე მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ საგარეო სექტორს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდაზე. შესაბამისად, დადებითი ტენდენციებია საგარეო ვაჭრობის კუთხით, ექსპორტის ზრდა არის დაფიქსირებული ისეთ სასაქონლო ჯგუფებში, როგორიცაა ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები და სამკურნალო საშუალებები. საგარეო ფაქტორებთან  ერთად პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება საშინაო კუთხითაც, რაც დადებითად აისახება კერძო სექტორის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე “- განაცხადა ნინო ჯავახაძემ

 როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აღებული კურსის ერთგული  რჩება და გააგრძელებს რეფორმებს როგორც 2017 წელს, ასევე მომდევნო წლებშიც, რაც დადებითად აისახება ქვეყნის კეთილდღეობასა და  ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე.

უფრო დეტალურად: მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და ექსპორტის ზრდამ.

კერძოდ: 2017 წლის იანვარ-თებერვალში გაიზარდა: ფეროშენადნობების ექსპორტი 430%-ით; ღვინის ექსპორტი 61.4%-ით; სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 88%-ით; მინერალური წყლების ექსპორტი 27.5%-ით; სპირტიანი სასმელების ექსპორტი 35%-ით.

2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა (იანვარში 44.7%-ით, თებერვალში-12.7%-ით).

საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდასთან.

საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის:

22%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი (იანვარში 26%-ით, თებერვალში 18%-ით) და მათმა მოცულობამ 324.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.

10.5%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში (იანვარში 20%-ით, თებერვალში 2.1%-ით), მათმა რიცხვმა 755 ათასი შეადგინა.

დაფიქსირდა ტურისტების  24.3%-იანი ზრდა;

ტურიზმიდან მიღებული (მომსახურების ექსპორტი) შემოსავლები გაზრდილია 20.1%-ით, რაც აისახა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ზრდის მაჩვენებელზე”, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics