|
2017-03-29 17:13:30, 3251 ნახვა
სამართალი
რას დაეყრდნო ვეტერანთა სამსახური საბანკო გარანტიის გამცემ ორგანიზაციასთან დაკავშირებით - აუდიტმა პროკურატურას მიმართა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც, მათი ინფორმაციით, დარღვევა-ნაკლოვანებები გამოვლინდა. ვეტერანთა სამსახურში აღნიშნავენ, რომ აუდიტი ძირითად შემთხვევაში რეკომენდაციებით შემოიფარგლა, რომელიც გაითვალისწინეს კიდეც. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად აუდიტის შედეგებზე დგება ანგარიში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, აუდიტის შედეგებზე ასევე შეიმუშაოს რეკომენდაცია.აუდიტის ანგარიში და რეკომენდაცია წარედგინება აუდიტის ობიექტს. გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ვეტერანების სახელმწიფო სამსახურმა გაატარა ყველა ღონისძიება, რაზედაც ინფორმაცია მიაწოდა აუდიტის სამსახურს“,-ამბობენ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში. „ექსპრესნიუსი“ რამდენიმე დღის წინ, აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილეს, სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს, ჯანდრი უბირიას გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აუდიტმა, სავარაუდოდ, დარღვევად მხოლოდ მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი მიიჩნია და ისიც, საკამათოა. თუმცა, მისთვის უცნობი იყო, გადაგზავნილი ჰქონდა თუ არა აუდიტს მასალა პროკურატურაში, რადგან აღნიშნულის თაობაზე, როგორც თავად განმარტა, ვეტერანთა სამსახურში შეტყობინება არ შესულა. „აუდიტი ვალდებული იყო, ეცნობებინა, თუკი მასალების პროკურატურაში გადაგზავნას აპირებდა, მასალები რომ სადმე გაიგზავნებოდა, არც პირად საუბრებში გაგვიგია ასეთი რამ და არც ოფიციალურად არავის მოუმართავს, არ გავუფრთხილებივართ. წესია ასეთი, უნდა გვაცნობოს აუდიტმა, რომ ეს მასალები იგზავნება საგამოძიებო უწყებაში, ასეთი შეტყობინება ჩვენთან არ შემოსულა“,-განაცხადა მაშინ ჯანდრი უბირიამ. აუდიტის სამსახურში „ექსპრესნიუსს“ დაუდასტურეს, რომ ვეტერანების ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით, მასალათა ნაწილი პროკურატურას მიმდინარე წლის 1 მარტს გადაუგზავნეს. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება. „ექსპრესნიუსი“ საგამოძიებო უწყებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება. ვალდებული იყო თუ არა აუდიტის სამსახური პროკურატურაში მასალის გადაგზავნამდე ვეტერანთა სამსახურისთვის აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინა? ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ მათ კომპეტენციაში აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა რევიზია არ შედის. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება მხოლოდ ის მასალა (ან მისი ნაწილი), რომელიც უშუალოდ შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“,-ამბობს „ექსპრესნიუსთან“ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ხურციძე. რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხს, აუდიტის დასკვნაში წერია: ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, საავანსო თანხის გადარიცხვა „კონვენტ ჯორჯია“-სთვის განხორციელებულია გარანტიის გამცემი ბანკის სანდოობის შესწავლის გარეშე. შედეგად, გარანტორი ბანკის მიერ ანაზღაურებული არ არის საავანსოდ გადარიცხული თანხიდან შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება 363.3 ათასი ლარი. მიხეილ ხურციძე განმარტავს, რომ „ერთ მილიონ ლარზე წარმოდგენილ საბანკო გარანტიის გამცემ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, სამსახური დაეყრდნო „საქართველოს ბანკის" ავიზირებას, რითაც დადგინდა გარანტიის თაობაზე დოკუმენტალური ოპერაციის ავთენტურობა, ვინაიდან იგი იძებნებოდა საერთაშორისო SWIFT საძიებო სისტემაში და „საქართველოს ბანკის" მიერ არ მომხდარა აღნიშნული საბანკო დაწესებულების გაკოტრების შესახებ მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე, რაიმე ინფორმაციის მოწოდება“. მისივე თქმით, დღესდღეობით , ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიმდინარეობს სასამართლო დავა როგორც გარანტორი, ისე კონტრაქტორი ორგანიზაციის მიმართ. „ექსპრესნიუსი“ „საქართველოს ბანკს“ დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათი მონაწილეობა შემოიფარგლება, როგორც საინფორმაციო ტიპის შეტყობინების/ავიზირებადი ბანკის ფუნქციით. მათივე განმარტებით, გარანტიის ავიზირების არსის შესახებ ბანკის მხრიდან ინფორმირებული იყო ბენეფიციარიც. „აქვე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, თუ რა ინფორმაცია იქნა მიწოდებული ბენეფიციარისთვის და რას გულისხმობს დოკუმენტის ავიზირება. დოკუმენტის ავიზირებისას ავიზირებად ბანკს არ გააჩნია ფინანსური პასუხისმგებლობა და/ან ვალდებულება აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის ფარგლებში. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც „საქართველოს ბანკი“ წარმოდეგნილია ავზირებადი ბანკის სახით, იგი ახდენს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების სტანდარტების გათვალისწინებით მიღებული დოკუმენტალური ოპერაციების ავიზირების ინსტრუქციის შესრულებას. ავიზირებადი ბანკის ფუნქცია გამოიხატება, მხოლოდ დოკუმენტალური ოპერაციის აუთენტურობის და ნამდვილობის დადგენაში",- განაცხადეს „საქართველოს ბანკში“. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ვეტერანთა სამსახურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 2015 წლის ივნისში გამოცხადდა და 2,238.6 ათასი ლარით გაიმარჯვა უცხოური საწარმოს ფილიალმა ,,კონვენტ ჯორჯიამ“, რომელიც დაფუძნებულია შპს ,,კონვენტი“-ს (აზერბაიჯანი) მიერ და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 15 ივლისს. „,,კონვენტ ჯორჯია“-ს“ გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებად წარმოდგენილი ჰქონდა შპს ,,კონვენტ”-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების დოკუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ ,,კონვენტ ჯორჯია“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად არ ყოფილა წარმოდგენილი (ატვირთული) ფორმა N2-ები, მათ შორის დაზუსტების შემდეგ (მის მაგივრად წარმოდგენილი იყო ,,საბოლოო ხარჯთაღრიცხვა“) სატენდერო კომისიას არ მოუხდენია პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია აუდიტით დადგინდა, რომ სამუშაოთა დასრულების ვადისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების მიუხედავად, „კონვენტ ჯორჯია“-ს მიერ გაგრძელებულ ვადებშიც ვერ იქნა უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულება (შესრულებულია მთლიანი სახარჯთაღრიცხვო მოცულობის მხოლოდ 57 პროცენტი). ცხრა ეტაპად წარმოდგენილი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტებით (მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2) და ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ,,კონვენტ ჯორჯია“-ს მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა სულ 1,399.4 ათასი ლარი, ხოლო გადახდამ 1,762.7 ათასი ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ ,,კონვენტ ჯორჯია“-ს 2016 წლის აპრილის შემდეგ სამუშაოები არ უწარმოებია (ბოლო შესრულებული სამუშაოს აქტი-ფორმა N2 წარმოდგენილია 16.04.2016 წელს), კლიმატური მოვლენების ზემოქმედებით, ზიანი ადგება უკვე განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს. „კონვენტ ჯორჯია“-სთვის ავანსის სახით გადარიცხული 1,000.0 ათასი ლარიდან აუდიტის მიმდინარეობისას შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან (OPEN JOINT STOCK COMPANY EUROBANK) დაფარვას ექვემდებარებოდა 363.3 ათასი ლარი, ხოლო გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის და ობიექტის ჩაბარების საბოლოო ვადაგადაცილებისათვის „კონვენტ ჯორჯია“-ს ჯარიმა-საურავების სახით დარიცხული აქვს 425.3 ათასი ლარი, რაც დღეის მდგომარეობით ჩარიცხული არ არის“,-ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
თეონა ნოზაძე
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)