06:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 00:42:55, 2869 ნახვა

ეკონომიკა
მე-6 მემილიონე ტურისტი - როგორ დახვდნენ ჰოლანდიელ სტუმარს საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ვიდეორგოლი  წარუდგინა, რომელიც  საქართველოში 2016 წელს მეექვსე მემილიონე ტურისტის შემოსვლას მიეძღვნა. 

საქართველოში ჩამოსული მე-6 მემილიონე ადამიანი ჰოლანდიელი სტუმარი აღმოჩნდა, რომელსაც ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. ჯასპერმა თბილისის აეროპორტში  მოულოდნელად გაიგო, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზი ელოდა. 
ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დამზადდა. მასში ნაჩვენებია,  თუ  როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს და იგი პირდაპირ საზეიმო ვახშამზე მიჰყავთ. ჯასპერს აქ კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ხვდება, რადგან ვახშამზე მას უშუალო მასპინძლობას ქვეყნის პირველი პირი - საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უწევს,  რომელიც სტუმარს  თავად აცნობს ქართულ კულინარიას, ფოლკლორსა და ხალხურ მუსიკას.

როგორც გიორგი გახარიამ ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2016 წელს შემოსული მოგზაურების რეკორდული რაოდენობა - 6 მილიონი ნიშნავს იმას, რომ ტურიზმი, როგორც დარგი და ეკონომიკის სექტორი, სწრაფად ვითარდება.   

„ჩვენ სერიოზულ იმედებს ვამყარებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში ტურიზმის ფაქტორზე. სახელმწიფო სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს ტურიზმის განვითარებისთვის და ჩვენი ძირითადი მიზანია,  რომ რაც შეიძლება მალე საქართველო გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული ქვეყანა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მინისტრის თქმით, ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურების სხვა სფეროებს უზარმაზარი როლი აქვთ სამუშაო ადგილების შექმნაში. „დღეს, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სექტორი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით გახლავთ ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ იყო გადაღებული ვიდეორგოლი, რომელიც მიეძღვნა მეექვსე მემილიონე ტურისტს და რომელსაც უმასპინძლა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა. ვიდეორგოლი მართლაც ძალზე შთამბეჭდავია“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ვიდეორგოლში კარგად ჩანს,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის თითოეული სტუმარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გადმოაბიჯებს. ჯასპერის მოგზაურობა საქართველოში არანაკლებ შთამბეჭდავად გრძელდება საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში. 

ვიდეორგოლში განსაკუთრებულად არის ხაზგასმული, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და  ჩვენთან ჩამოსულ თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულად ხვდებიან. მასპინძლების ყურადღება, კულინარია, ქართული ღვინო, ბუნებრივი რესურსები, ფოლკლორი, ისტორიული მრავალსაუკუნიანი ძეგლები თუ ლანდშაფტი ქმნის სწორედ იმ საფუძველს, რომ საქართველოთი მოხიბლულ ტურისტებს საქართველოში განმეორებითი ვიზიტის სურვილი გაუჩნდეთ. 

„ეს იყო ჩვენთვის ძალიან განსხვავებული გამოცდილება, რადგან ყველაფერი ხდებოდა ერთ დუბლში, წინასწარ არ ვიცოდით, რა მოხდებოდა და ყველაფერი იყო ძალიან სპონტანური. ვფიქრობ, კარგი მომზადების შედეგად კარგი ვიდეორგოლი გამოგვივიდა“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს სარეკლამო კომპანია ,,ვინდფორსის“ დამფუძნებელმა ვატო ქავთარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლთან ერთად შეიქმნა ინტერნეტპორტალი www.hostme.ge, სადაც  ონლაინ-რეჟიმში საქართველოში მცხოვრები მომხმარებლების მიერ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობებისა თუ ადგილობრივი კერძების შერჩევა ხმის მიცემის მექანიზმის გამოყენებით მოხდება. ინტერნეტპორტალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ გეგმებზე პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გააკეთა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვიდეორგოლისა და პორტალის პოპულარიზაცია დაგეგმილია  საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც მოიცავს 14 ქვეყანას:  იტალია, გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, ბელარუსი, ლატვია, ლიტვა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი და  გაერთიანებული საემიროები. 

ვიდეორგოლის ჩვენება  საერთაშორისო გამოფენებისა და მიზნობრივ ბაზრებზე დაგეგმილი პრეზენტაციების (roadshows)  ფარგლებში მოხდება. 

4.30 წუთიანი ვიდეორგოლი კომპანია ,,ვინდფორსმა“ დაამზადა, რომელიც   კვლევის საფუძველზე შეირჩა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics