14:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 18:08:56, 893 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს პარლამენტში 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუნკრები სობოროს ტაძრის ეზოში (ახლანდელი საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზო) არიან დაკრძალულები და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში აღევლინა.

დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე იუნკრების შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.

იუნკრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს ეზოში არსებული იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინებით შეამკეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს. 
სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა ქართველებისთვის მუდამ იყო მთავარი ღირებულება და ეს სულისკვეთება უწყებაში გატარებული წარმატებული, მნიშვნელოვანი და დემოკრატიული რეფორმების სახით დღესაც გრძელდება.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ გმირების წინაშე, რომლებმაც მაგალითი გვიჩვენეს თუ რა არის ქართული და ეროვნული ღირებულებები. საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდამ იყო ქართველების საზრისი, რისთვისაც თავი გაწირეს იუნკრებმა და ეს თავგანწირვა ჩვენ დღესაც გვაძლიერებს. სწორედ ამ სულისკვეთებამ მოგვიყვანა ქართველი ერი დღეს აქამდე. მათ სულისკვეთებას ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებით, იმ რეფორმებით ვაძლიერებთ, რასაც დემოკრატიული რეფორმები ჰქვია, რადგან საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს თავისუფლად და მისი ღირსეული არსებობა ოპტიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ვაძლიერებთ ამ სულისკვეთებას და თავდაცვის უწყებაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, გორის ეროვნული აკადემია იუნკერთა გამორჩეული სასწავლებელია და მის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ კარგი იქნება თუ მსგავსი დონის სასწავლებელი დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნება.
 
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ახალგაზრდა გოგოებმა და ბიჭებმა შეგნებულად გაწირეს თავი ქვეყნისთვის. 186 იუნკერი, რომელსაც თავიდანვე გააზრებული ჰქონდა რომ თავისი ქვეყნის დასაცავად სიკვდილზე მიდიოდა, ეს ჩვენთვის გენეტიკური გაკვეთილია იმისა, რომ ქვეყნის ერთიანობა, თავდაცვა მხოლოდ ჩვენს პროფესიონალიზმზე და თავგანწირვაზე გადის. რა თქმა უნდა, ეს დიდი მაგალითია ჩვენი თანამედროვე ისტორიისთვის და ვაფასებთ ამას“ - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა. 

ღონისძიებას მარო მაყაშვილის შთამომავალი, ლეიტენანტი გიორგი როსტომაშვილი დაესწრო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადაში მსახურობს. მისი თქმით, მთავარი მოტივაცია რომ ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო სწორედ მისი წინაპარი, მარო მაყაშვილი იყო.

პარლამენტის ეზოში იუნკრების ფოტოგამოფენაც გაიმართა, რომელიც მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics