13:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 16:07:24, 1980 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: გპირდებით, ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მიმართ თანაბარი მიდგომა იქნება

„ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევაზე, როცა დეპუტატი კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხის  განხილვის თემას სცდება, ერთიანი სტანდარტი არ მოქმედებს.

მან მაგალითისთვის გუშინდელი ფაქტი მოიყვანა, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმცირესობის  გამომსვლელებს მიკროფონი გაუთიშა, მაშინ, როცა იგივე  შემთხვევაში  დღეს უმრავლესობის წარმომადგენლებს სიტყვის დასრულების საშუალება მიეცათ.

„ჩვენ ან ყველა გამომსვლელს ვზღუდავთ,  როცა ის  სცდება განსახილველი თემის ჩარჩოებს, ან ვიქცევით იმ წესით, რა წესიც იყო დღემდე, რომ განხილვადი საკითხის და კანონების ფარგლებში პარლამენტის წევრს უფლება აქვს,  უფრო ფართო პოლიტიკურ კონტექსტში განიხილოს საკითხი ისე, როგორც ეს გააკეთა წინა ორმა გამოსვლებმა“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გუშინ სხვა შემთხვევა იყო-ე.წ. მცირე საბოტაჟთან ჰქონდათ საქმე. კობახიძის თქმით, ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, განხილვა უსასრულოდ გაგრძელდებოდა:

„გეთანხმებით, ბატონო დავით, არ ეხებოდა ნამდვილად კანონპროექტს გამოსვლა. რაც შეეხება გუშინდელს, კიდევ ერთხელ იძულებული ვარ, განვმარტო გუშინდელი პრაქტიკა. გუშინ საქმე გვქონდა ე.წ. მცირე საბოტაჟთან. რომ არ მიგვეღო ზომები, უსასრულოდ გაგრძელდებოდა განხილვა. ყველა ერთად ვხედავდით, რასთან გვქონდა საქმე. იყო ზომების მიღება საჭირო, რათა დაგვეცვა რეგლამენტი და უსასრულოდ არ გაგრძელებულიყო ის პროცედურა, რომელიც ყველამ ერთად დავიწყეთ. ზოგადად, გახსოვთ წინა სხდომების პრაქტიკა, ასეთი ხისტი და მკაცრი მიდგომა ჩვენ არ გვაქვს პროცედურების მიმართ. იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც დეპუტატები სცდებოდნენ გარკვეულწილად კონკრეტულ საკითხს. სხვადასხვა სტანდარტი შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ სხვადასხვა შემთხვევაში. ორივე შემთხვევაში ეს უნდა გაკეთდეს პარლამენტის ინტერესებიდან გამომდინარე“,-უპასუხა დავით ბაქრაძემ ირაკლი კობახიძეს.

თავის მხრივ, დავით ბაქრაძის  აზრით, საბოტაჟის წოდება იმისათვის, რომ ოპოზიცია სვამს კითხვებს უმნიშვნელოვანეს თემაზე, რაც ქვეყანაში ყველას აწუხებს, პრინციპულად  არასწორია:

„ესაა ნორმალური საპარლამენტო პროცესი, ბატონო ირაკლი, საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ღმერთმა დაიფაროს ეს პარლამენტი, რომ ჩვენნაირი ოპოზიცია მაინც არ იყოს, რომელიც კითხვას მაინც დასვამს და ამითი მაინც შესძენს პარლამენტს ფუნქციას, ამიტომ ეს არანაირი საბოტაჟი არ არის  და მეორე, რეგლამენტი გეთანხმებით, ამ შემთხვევაში გაგებული უნდა იქნეს პოლიტიკური პროცესის სასარგებლოდ.  იმედი მაქვს, ეს ასე იქნება და იმედი მაქვს, დროის გაყვანის ტესტი არ იქნება ის, ლაპარაკობს უმრავლესობის წარმომადგენელი,  თუ უმცირესობის წარმომადგენელი. იმედი მაქვს, უმცირესობის წევრის წარმომადგენელის ლაპარაკს არ ჩათვლით საბოტაჟად, მაშინ, როცა უმრავლესობის წარმომადგენელის ლაპარაკი ჩაითვლება ნორმალურ საპარლამენტო დებატად. იმედი მაქვს, ერთიანი სტანდარტი იქნება და იქნება ის სტანდარტი, რომლითაც მოგვეცემა საშუალება, ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ იქნება აბსოლუტურად თანაბარი მიდგომა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მიმართ.

„რაც შეეხება საბოტაჟს, განვმარტავ, არ არის პირდაპირი გაგებით საბოტაჟზე საუბარი, ეს რამდენჯერმე დავაზუსტე და ყველა ვხვდებით, რასაც ვგულისხმობ“,-განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics