11:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-31 18:15:35, 3549 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ომის ზღვარზე - 2016 წლის ყველაზე მასშტაბური ტერაქტები

ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. რელიგიური, ეთნიკური თუ პირადი იდეოლოგიით მოწყობილი ტერაქტების მსხვერპლნი ხშირ შემთხვევაში არა უშუალოდ კონკრეტული ძალაუფლების წარმომადგენელი პირები, არამედ რიგითი, უდანაშაულო მოქალაქეებიც ხდებიან.

2016 წელი წინა წლების მსგავსად ტერაქტებით დაიწყო. მსოფლიოში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების სამწუხარო სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ბოლო 2 წელი ტერაქტების მხრივ რეკორდული გახდა.

წელს თურქეთი თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. ქვეყანაში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

12 იანვარს „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნედ სტამბოლი გახდა. ერთ-ერთ ტურისტულ უბანში, სულთან აჰმედის ტერიტორიაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის ძირითადად ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ. ერთი თვის შემდეგ ტერორისტებმა მიზანში თურქეთის დედაქალაქი, ანკარა ამოიღეს. ანკარაში თავდასხმა სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა, ტერაქტზე პასუხისმგებლობა კი „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ აიღო. მაშინ თურქეთის დედაქალაქში 30 ადამიანი დაიღუპა, 60 კი მძიმედ დაშავდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 13 მარტს, ისევ ანკარაში ქურთმა ნაციონალისტებმა მორიგი ტერაქტი მოაწყეს და ათათურქის პარკში, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, რის შიდეგადაც 37 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 130 დაშავდა. საპასუხოდ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, საჰაერო ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქურთების პოზიციებზე იერიში მიიტანა. ქვეყნის მასშტაბით ანტიტერორისტული სპეცოპერაციები ჩატარდა. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და რამდენიმე დღეში სტამბოლი კვლავ კვამლში გაეხვა. ცნობილ ტურისტულ სავაჭრო უბანში, ისტიკვალის გამზირზე ამჯერად "ისლამურმა სახელმწიგომ" იგივე "დაეშმა" ადგილობრივი დროით 10:55 საათზე მორიგი ტერაქტი განახორციელა. დაჯგუფებამ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 36 ადამიანი კი დაშავდა. თუმცა ყველაზე მასშტაბური ტერაქტი საქართველოს მეზობელ ქვეყანაში 28 ივნისს, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორთში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს. მაშინ ტერაქტს 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 230 კი დაიჭრა. ტერაქტის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაშიც ISIS-მ აიღო. ეს თურქეთში რიგით მე-5 ტერაქტი იყო.

მორიგი სამიზნე ავღანეთი აღმოჩნდა. 27 თებერვალს პროვინცია პარვანში მდებარე ჰოსპიტალში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და 20-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაღუპულთა შორის 6 სამართალდამცველი იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ აიღო.

ე.წ ტერორისტული ომი მსოფლიოში ამით არ შეჩერებულა და "ისლამურმა სახელმწიფომ" ახალ მიზნად ეგვიპტე აირჩია, რომლის ტერიტორიებს ნაწილსაც აკონტროლებს. 8 აპრილს ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტის შედეგად 13 სამართალდამცველი დაიღუპა. სინაის ნახევარკუნძულზე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, რის შემდეგაც რამდენიმე თავდამსხმელმა სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ორმხრივი სროლის დროს 5 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოხდა. მაშინ მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

„ისლამური სახელმწიფოს“ ბომბებს მიმდინარე წლის განმავლობაში სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის ასობით ადამიანი ემსხვერპლა. გამონაკლისი არც ქალაქ ჰომსის ეზ ზაჰრას რაიონი იყო, სადაც 2 აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც 50-მდე ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. ეს იმ თავდასხმებთაგან ერთ-ერთია, რომელიც ჯიჰადისტებმა 2016 წელს სირიის ტერიტორიაზე განახორციელეს. ამასთან, ათობით ადამიანი ყოველდღიურად ქალაქ ალეპოში სხვადასხვა თავდასხმების შედეგად იღუპება.

2016 წელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ბრიუსელში 22 მარტს მოხდა. ტერორისტების სამიზნე ზავენტემის აეროპორტი და მალბეკის მეტროსადგური გახდა. პირველი 2 აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში, თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს, რის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაიჭრა. მეორე აფეტქება მეტროში მოხდა, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 106 დაშავდა. მაშინ მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. თავდასხმა ბელგიის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტი იყო. ქვეყნის მთავრობამ 3-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ტერორიზმმა არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაურა გვერდით. ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ფლორიდის შტატში მოხდა. ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი კლუბ "პულსში" 12 ივნისს შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 53 კი მძიმე დაზიანებები მიიღო. თავდასხმა წარმოშობით ავღანელმა 29 წლის ომარ მატინმა განახორციელა. შეიძლება ითქვას, რომ 2001 წლის შემდეგ, ორლანდოს თავდასხმა ამერიკის შეერტებული შტატების ისტორიაში, მსხვერპლის რაოდენობით ყველაზე მასშტაბური გახდა.

წელს ყველაზე მასშტაბურ ტერაქტად მაინც ნიცას ტერაქტი მიიჩნევა. 2015 წლის პარიზის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი დღე მიმდინარე წლის 14 ივლისი გახდა. შემზარავი ტერაქტი ქალაქ ნიცაში მოხდა, როდესაც ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა ხალხში შევარდა და 2 კილომეტრი გაიარა. მაშინ 86 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვმა კი 300-ს გადააჭარბა. წარმოშობით ტუნისელმა საფრანგეთის 31 წლის მოქალაქემ მუჰამედ ბუჰლელიმ განახორციელა. იმავე თვეს, ისლამისტებმა საფრანგეთში კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს.

ევროპაში ბოლო საზარელი თავდასხმა 19 დეკემბერს ბერლინში მოხდა. სცენარი ნიცის ტერაქტის ანალოგიური გახდა. სატვირთო ავტომობილი საშობაო ბაზარში შეიჭრა და 80-მეტრმდე გაიარა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისევ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ავტომობილს ტუნისელი წარმოშობის ანის ამრი მართავდა. 24 წლის მამაკაცი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა მილანში მოკლეს.

ეს 2016 წელს მომხდარი შემზარავი ტერაქტების არასრული ჩამონათვალია. სტატისტიკურად ISIS-მ 143 თავდასხმა, 29 ქვეყანაში განახორციელა, რასაც 2.050-მდე ადამიანი ემსხვერპლა

 

 

ბელა არუთინოვი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics