2016 წელი ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩეოდა. თუმცა, ჩვენ შევეცადეთ, მათგან 10 ყველაზე საინტერესო ფაქტი გაგვეხსენებინა, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს და უახლეს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
ჯერ კიდევ მიმდინარე წელს, ადამიანების ინტერესის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები მოექცა, რომლის შედეგმაც მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში განსხვავებული რეზონანსი გამოიწვია და ახალი წლის, ერთ-ერთ აქტუალურ თემად დარჩება. არანაკლები კრიტიკა და შეფასებები სირიაში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, რამაც მსოფლიო შეძრა.
"ექსპრესნიუსი" 2016 წლის მსოფლიოს 10 მნიშვნელოვან მოვლენას გთავაზობთ:
1) აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეხუთე პრეზიდენტია, ვინც არა ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობით, არამედ 538 კაცისგან დაკომპლექტებული კოლეგიის ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპზე დაახლოებით 3 მილიონი ამომრჩევლით მეტი ხმა მიიღო, თუმცა არჩევნები წააგო. ამომრჩეველთა კოლეგიაში ტრამპმა 306 ხმა, ხოლო ჰილარი კლინტონმა 232 ხმა მიიღო. ტრამპს გამარჯვებისთვის კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის მხარდაჭერა სჭირდებოდა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, აშშ-ში რამდენიმე დღის განმავლობაში, მასშტაბური საპროტესო აქციებიც ჩატარდა.
2) Brexit
2016 წლის 23 ივნისი, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, „ბრექსითის“ სახელით შევა. ევროკავშირში დარჩენის საკითხზე დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 51.9%-მა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, შესაბამისად, 48.1%-მა - დარჩენას. რეფერენდუმის მომხრეთა არგუმენტი იყო, რომ ბრიტანელ ხალხს 1975 წლის რეფერენდუმის შემდეგ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი ევროკავშირში ყოფნის შესახებ. მათ სწამთ, რომ ევროკავშირი ბრიტანეთს უკან ხევდა და ამუხრუჭებდა მის განვითარებას, რადგან ბიზნესისთვის უამრავ რეგულაციას აწესებს და ქვეყანას მილიარდობით ფუნტს ახდევინებდა საწევრო გადასახადის სახით, სამაგიეროდ კი, მოსახლეობის თქმით, არაფერ სასარგებლოს არ გასცემდა. გარდა ამისა, ევროკავშირი ბრიტანეთისგან სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას ითხოვდა, რადგან EU-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შეუზღუდავი გადაადგილების უფლებაა. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, ევროკავშირის დატოვების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის არსებობის მთავარი მიზანი არის ევროპის შეერთებული შტატების შექმნა და ისინი ამ იდეას ეწინააღმდეგებიან. ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მთელს საერთაშორისო საზოგადოებაში. სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი იყო, მოულოდნელად მის მიღმა დარჩა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ცდილობდა, მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში უნდა დარჩენილიყო, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. რეფერენდუმის შემდეგ, კემერონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე ტერეზა მეიმ შეცვალა. ცნობისთვის დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი 43 წლის განმავლობაში იყო.
3) სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში
თურქეთში 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებულის. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გადატრიალების ორგანიზებაში მუსლიმი მქადაგებელი, ფეთულა გიულენი დაადანაშაულა და მისი გარემოცვიდან უამრავი ადამიანი დააპატიმრა. სტამბოლის სასამართლომ გიულენის დაკავების ორდერიც გასცა და აშშ-სგან მისი ექსტრადირება მოითხოვა. თავად გიულენმა ბრალდება უარყო. მომხდარის შემდეგ თითქმის 100 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. მათ შორის - 15 200 მასწავლებელი და 1500 დეკანი. გარდა ამისა, თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ ყველა მეცნიერს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში, მთავრობის ბრძანებით 3 საინფორმაციო სააგენტო, 16 ტელევიზია, 23 რადიო, 45 გაზეთი, 15 ჟურნალი და 29 გამომცემლობა დახურეს. ქვეყანაში გიულენთან კავშირის ბრალდებით, დაპატიმრებები ამ დრომდე გრძელდება.
4) სირიის კრიზისი
სირიაში კრიზისი მეხუთე წელია მიმდინარეობს, თუმცა მდგომარეობა 2016 წელს კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციისა და ირანის დახმარებით, ალეპოს დაბრუნების ოპერაცია გაააქტიურეს. დღეს სირია ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას, გაეროს პრესსპიკერის თქმით, ალეპოში ჰუმანურობა საერთოდ გამქრალია. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, სამთავრობო ძალები ამ ეტაპზე ქალაქის 95%-ს აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედრო იერიშებს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
5) ფიდელ კასტროს გარდაცვალება
კუბის რევოლუციონერი და ყოფილი ლიდერი ფიდელ კატასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო 2006 წლის 21 ივლისს ფიდელ კასტრომ კუბაზე მმართველობა თავის ძმას, რაულ კასტროს გადააბარა. კასტრო 1976 წლის დეკემბრიდან 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფო საბჭოს და კუბის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რევოლუციური სამხედრო ძალების მთავარსარდალი და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე იყო. მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და პრეზიდენტი 1976—2008 წლებში.
6) „სუპერ მთვარე“
2016 წლის 14 ნოემბერს, მთვარე 14%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა გამოჩნდა. „სუპერ მთვარის“ დროს, სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა. მსგავსი ფაქტი უკანასკნელად 1948 წელს დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო, NASA-ს ინფორმაციით, 2034-ში მოხდება.
7) პირველად ისტორიაში, პორტუგალიამ UEFA-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მოიგო
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი არსებობის მანძილზე პირველად მოიგო. ფერნანდო სანტუშის ფეხბურთელებმა ფინალურ მატჩში ტურნირის მასპინძელი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დამატებით დროში, ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
8) 2016 წლის ზაფხულის რიოს ოლიმპიადა
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართა. ოლმიპიადა საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
9) ლეონარდო დი კაპრიომ ნანატრი Oscar-ი მიიღო
კინომანებისთვის წლის მოვლენა Hollywood-ის მსახიობ ლეონარდო დი კაპრიოს მიერ ნანატრი OSCAR-ი მიღება გახდა. ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის რიგით 88-ე დაჯილდოებაზე, 22 წლის ლოდინის შემდეგ, ლეონარდო დი კაპრიოს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი გადასცა. დი კაპრიო ოსკარზე პირველად 1994 წელს იყო ნომინირებული. იგი ფილმში „რა აწუხებს გილბერტ გრეიფს“ შესრულებული როლისთვის, ნომინაციაში "საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში" იყო წარდგენილი.
10) #მეტიევროპასაქართველოში - #მეტისაქართველოევროპაში
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც შეთანხმების დებულება დამტკიცდა. ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე ბოლო ბარიერი სწორედ შეჩერების მექანიზმი იყო. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, სავარაუდოდ, 2 თებერვალს განიხილავენ.
ბელა არუთინოვი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან