|
2015-03-23 15:26:47, 660 ნახვა
პოლიტიკა
რა მოხდა 2014 წლის 11 ივლისის ღამეს, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და კოალიციაში შემავალი პარტიის–„რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეს თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა კვიციანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა 2014 წლის 11 ივლისის ღამეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველი საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე მოხდა. კერძოდ, რესტორან „მუზაში“ ლაშა კვიციანი, საკრებულოს დეპუტატი ივანე კოჟორიძე, ბორჯომში რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კვირკველია, საკრებულოს დეპუტატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დავით კამკამიძე და ასევე, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ კაჭკაჭიშვილი პირველ სართულზე ისხდნენ. ამ დროს რესტორანში, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, (რომელიც ჯერ არ იყო თავმჯდომარედ არჩეული), გამგებელი დიმიტრი ყიფიანი (გამგებელი უკვე არჩეული იყო) და საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი, მამუკა ლურსმანაშვილი შევიდნენ და მეორე სართულზე დასხდნენ. კვიციანის განმარტებით, ამ დროს მათ შორის შიდა პოლიტიკური დაძაბულობა არსებობდა, რომელიც მუნიციპალიტეტში რამოდენიმე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისთვის თანამდებობების შენარჩუნებასა და უფრო მეტიც, მათ დაწინაურებას ეხებოდა. მოთხოვნის მიუხედავად, ზაზა ჩაჩანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გათავისუფლებას არ აპირებდა. ამავდროულად, მან იცოდა, რომ საკრებულოს სხდომაზე „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან მხარდაჭერა არ ექნებოდა, რაც მათ შორის ურთიერთობას ართულებდა. დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე, პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად, კვიციანმა, კოჟორიძემ, კვირკველიამ, კამკამიძემ და კაჭკაჭიშვილმა რესტორანი დატოვეს და პარკში ფეხით გასეირნება ამჯობინეს. ლაშა კვიციანის ინფორმაციით, სეირნობისას, „რესპუბლიკური პარტიის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით კამკამიძის, მობილურზე ზაზა ჩაჩანიძის მხრიდან (ახლანდელი საკრებულოს თავმჯდომარე) მუქარის შემცველი ზარი განხორციელდა–„სად ხართ, ცხვირ პირს დაგიმტვრევთო“ დაახლოებით 2-3 წუთში , მამუკა ლურსმანაშვილი (რომელიც ჩაჩანიძესთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა) შვილთან ერთად პარკში მივიდა და მათ თავს დაესხა. „2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველი საკრებულოს სხდომა არ იყო ჯერ ჩატარებული, შესაბამისად, ახალ საკრებულოს ჯერ ლეგიტიმაცია არ ჰქონდა, და არც ძველ საკრებულოს ჰქონდა ლეგიტიმაცია გასული.მაგრამ, ხშირად, ასე ვთქვათ კოალიციური თათბირების დროს, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად განიხილებოდა დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე. მე საკრებულოს წევრი არ ვიყავი, არც მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ვინც იყო „თავისუფალი დემოკრატი“ ჩემი თანაგუნდელი, ივანე კოჟორიძე და კიდევ „რესპუბლიკელები“ ასევე კოალიციის წევრები, ვითხოვდით, რომ რამოდენიმე პირი, ყოფილი ნაციონალი, რომელიც დააწინაურეს და ზოგი მათგანი გამგებლის მოადგილეებად დანიშნეს, ესენი გაეთავისუფლებინათ, რადგან 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ის ხალხი იყო დაპირისპირებული ჩვენთან, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად. და შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ ხალხისთვის ჩვენგან უპატივცემულობა იქნებოდა, თუ ამათ დავტოვებდით კიარა და უფრო მეტიც, დავაწინაურებდით. რამოდენიმე პირის გათავისუფლებას ვითხოვდით, ან დაქვეითებას და პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ისინი დააწინაურა. ანუ, რამოდენიმე პირზე კოალიციური შეთანხმება ვერ შედგა... მოლაპარაკების დროს, როცა ვითხოვდით მათ გაშვებას თანამდებობებიდან და არ დაწინაურებას, თქვეს, რომ ისინი ადგილზე დარჩებოდნენ. მაშინ სწორედ თანაპარტიელმა, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო ჩემამდე, ასევე ახლადარჩეული საკრებულოს წევრი, თქვა, რომ თუ თქვენ მაგათ არ გაუშვებთ, ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საკრებულოს სხდომაზე მხარს არ დავუჭერთ. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება, ასე ვთქვათ შიდა პოლიტიკური მტრობა. ერთ დღესაც „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ ვიყავით რესტორანში სახელად „მუზა“. აქედან, ერთი „თავისუფალი დემოკრატი“ იყო ახლადარჩეული საკრებულოს წევრი, მეორე „რესპუბლიკელი“ იყო ასევე ახლადარჩეული საკრებულოს წევრი. ამათგან ორივე იყვნენ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები. პარტია „ქართული ოცნების“ წევრები–გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ( ამ დროს გამგებელი არჩეული იყო), საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე და ლურსმანაშვილი შემოვიდნენ რესტორანში და მეორე სართულზე ავიდნენ. ვიფიქრეთ, ჩვენი ერთად ყოფნა რესტორანში არ იქნებოდა კარგი იმიტომ, რომ დაძაბულობა იყო და სიმთვრალეში შეიძლლება პროვოკაციებს ჰქონოდა ადგილი. შესაბამისად, დავტოვეთ რესტორანი, მაგრამ მათ შეგვამჩნიეს, რომ ჩვენც ვიყავით და ჩემი აზრით, ამიტომაც ავიდნენ მე–2 სართულზე. დავტოვეთ რესტორანი და ფეხით ვსეირნობდით პარკში.გავიარეთ დაახლოებით, 100 მეტრი, საკრებულოს თავმჯდომარე ურეკავს დავით კამკამიძეს „რესპუბლიკური პარტიის“ ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ასევე საკრებულოს წევრს, და ეუბნება სად ხართო? ანუ, რესტორანში რომ არ ვიყავით დაინახეს. რა ხდებაო კითხა. მითხარი სად ხართო ცხვირ პირს დაგიმტვრევთო. ჩვენც ადგილმდებარეობა ვუთხარით სადაც ვიყავით. თვითონ ზაზა ჩაჩანიძე არ მოვიდა. მან დაუკვეთა თავდასხმა. ყოფილი უკვე წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი გამოაგზავნა, რომელიც ასევე მათთან ერთად იყო რესტორანში. ლურსმანაშვილი თავის ბიჭთან ერთად მოვიდა, რომელიც გორის სპეცრაზმშია(მაგრამ ვფიქრობ თავისი ბიჭი არაფერ შუაში იყო, უთხრა მამამისმა: „წამიყვანე“ და მოხვდა ჩხუბში)“,–განუცხადა კვიციანმა „ექსპრესნიუსს“. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, „თავისუფალმა დემოკრატმა“ ვანო კოჟორიძემ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. დაშავდა მამუკა ლურსმანაშვილიც. „თავდამსხმელებიც მშვენივრად გაილახნენ. კოჟორიძის გარდა, ჩვენ დაზიანება არც ერთს არ მიგვიღია, ტანსაცმელი შემოეხია ერთს მხოლოდ“,–დასძინა კვიციანმა. როგორც კვიციანი ყვება, ვინაიდან მამუკა ლურსმანაშვილი ნაცემი იყო, პოლიციაში წავიდა და „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ დადანაშაულების მიზნით, სისხლის სამართლის საქმე თავად აღაძვრევინა, რადგან სუსის მხარდაჭერით იყვნენ დაიმედებულნი. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს თავდასხმის ამსახველი აუდიოჩანაწერი , რომელიც საქმეში მტკიცებულებად დევს და რომლითაც დასტურდება, რომ თავდამსხმელები ლურსმანაშვილი და მისი ვაჟი არიან. „თვითონ მამუკა ლურსმანაშვილი წავიდა პოლიციაში(ან გააგზავნეს). იფიქრა ნაცემი ვარ, ვიტყვი თავს თვითონ დამესხა ( სისხლიც მოსდიოდა). იფიქრეს, სისიხლის სამართლის საქმეს მაინც აღვუძრავთ და დავადანაშაულებთო. მართლაც ფაქტზე აღაძვრევინა სისხლის სამართლის საქმე.პოლიციაში ჩვენც დაკითხვაზე დაგვიბარეს. მე ტელეფონზე დამირეკა ერთმა მობრძანდითო–მეთქი არ მოვალ, სანამ არ გამომიგზავნით უწყებას. კეთილი ინებეს, გამომიგზავნეს უწყება და მივედი.ყველა ვაფიქისრებთ ჩვენებებში, რომ ჩხუბის ფაქტს წინ უძღოდა სატელეფონო ზარი, მუქარა ზაზა ჩაჩანიძისგან. გამომძიებელი გარკვეულწილად თითქოსდა გამოხატავდა თავის შთაბეჭდილებას, რომ აქედან მტყუან–მართალის გარკვევა ძნელი იქნებოდა, ვინ იყო თავდამსხმელი და ვინ არა და შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საქმე დახურვისკენ მიდიოდა, რომ არა ერთი ფაქტი. თავდასხმის ფაქტი ტელეფონზე ჩაწერილი მქონდა; დავუდე ეს მაგიდაზე– აუდიოჩანაწერი იყო. ესეც არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისი, რომ არა პროკურორის მონდომება. პროკურორმა აუცილებლად მიიჩნია აუდიოჩანაწერი და ჩაიდო საქმეში. შესაბამისად, დაახლოებით, 6 თვე ტელფონს დავემშვიდობე, წაიღეს ექსპერტიზაზე. იმ ჩანაწერითაც დასტურდება, რომ თავდამსხმელები არიან ისინი“,–განაცხადა კვიცინამა. რატომ ჭიანურდება საქმის გამოძიება? ლაშა კვიციანის განცხადებით, მე–8 თვეა, საქმესთან დაკავშირებით არაფერი ისმის. მისივე შეფასებით, საქმეს განგებ აჭიანურებენ, ვინაიდან საქმის სასამართლომდე მისვლის შემთხვევაში, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე თავდასხმის შემკვეთად დასახელდება და პასუხისგებაში მიეცემა. მიმდინარე წლის 12 მარტს ახალციხის რაიონული პროკურორის სახელზე ივანე კოჟორიძემ, ირაკლი კვირკველიამ და ლაშა კვიციანმა განცხადებაც შეიტანეს და საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვეს, თუმცა ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიუღიათ. „მე–8 თვეა საქმესთან დაკავშირებით არაფერი ისმის იმიტომ, რომ საქმე რომ დაიწყოს, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დაფიქსირდება სასამართლოზე როგორც თავდასხმის დამკვეთი. არვიცი, რა სასჯელი ელოდება მას, მაგრამ შესაბამისი უნდა მიეზღოს. ამ წლის 12 მარტს ვიყავით ახალციხეში, რაიონული პროკურორის სახელზე შევიტანეთ განცხადება სამმა პიროვნებამ, მოვითხოვეთ ეცნობებინათ, თუ რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. 10 სამუშაო დღეში უნდა მოეწოდებინათ პასუხი, მე–10 დღეა დღეს თუ შაბათ–კვირასაც ჩავთვლით“,–აღნიშნა ლაშა კვიციანმა და აქვე დასძინა, რომ საქმისთვის სამართლებრივი და პოლიტიკური მსვლელობების მიცემას აპირებენ. ამას კი რამდენიმე მიზეზით ხსნის. ერთი, რომ ქალაქში დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს, მეორი კი ისაა, რომ კვიციანის ინფორმაციით, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე სხვა ოპონენტებსაც ემუქრება და ხშირად მათ ფიზიკურადაც უსწორდება. „ერთი კიდევაც ოპოზიციონერი, „ლეიბორისტი“ გიორგი გიუაშვილი საკრებულოს დარბაზში ჩაკეტეს და სცემეს. მოკლედ, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე არის თავს გასული მოძალადე, რომელიც ემუქრება ოპონენტებს, საკრებულოს წევრებს ცემით, და ზოგიერთ შეთხვევაში თუ გამოუვა თავს ესხმის, ან უგზავნის თავდამსხმელებს“,–განუცხადა ლაშა კვიციანმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას. „ექსპრესნიუსი“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა, რომელმაც თემასთან დაკავშირებით ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და არანაირი თავდასხმა არ შეუკვეთავს. „რამდენი გიჟი იქნება ამ ქვეყანაზე. მათ ნათქვამზე არ ვაპირებ პასუხის გაცემას. სისულელეა, რას ნიშნავს თავდამსხმელები გავუგზავნე?! ამ ფაქტს არ ვადასტურებ “,-განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ, რომელმაც გასული წლის 11 ივლისის ღამეს ბორჯომში მომხდარი ქუჩური გარჩევის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, მამუკა ლურსმანაშვილთან გადაგვამისამართა. „მამუკა ლურსმანაშვილს დაუკავშირდით და კითხეთ, რა მოუვიდა მათთან, მე არაფერი ვიცი“,-აღნიშნა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ. „ექსპრესნიუსი“ მამუკა ლურსმანაშვილს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა. თეონა ნოზაძე
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)