08:09 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 15:49:31, 560 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სემინარი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება.

დღეს კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში  კურსის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კარელსონი მიესალმნენ.

მათ კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

სემინარი კაჭრეთში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სემინარის მონაწილეები  სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები არიან. 

კურსის განმავლობაში მონაწილეები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და ძირითად გამოწვევებზე, საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და  საერთაშორისო მისიებზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესსა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე  იმსჯელებენ.

სემინარის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზეც მოუწევთ მუშაობა.

სემინარის ფარგლებში მონაწილეები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე უმაღლესი თანამდებობების პირების, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციებს მოისმენენ.

მომხსენებლებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროსა და  გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები. გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მსმენელებს საქართველოს საერთაშორისო მისიებში კონტრიბუციის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს. საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე კი, ლექციას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო წაიკითხავს. ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძე ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისაუბრებს.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეხუთედ ტარდება.

კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics