18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 19:34:18, 5379 ნახვა

საზოგადოება
უკანონო პატიმრობა და საძილე აბები საკვებში - რას ყვება ისრაელში დასასვენებლად ჩასული საქართველოს მოქალაქე

პატიმრობა ახსნა-განმარტების გარეშე, საძილე საშუალებები საკვებში და დაკარგული თანხა, - ბათუმში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ, ისრაელში ვიზიტის დეტალებს იხსენებს.

როგორც ნ.ბ.-მ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ისრაელში სამართალდამცავი უწყებები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჩასვლისთანავე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე აპატიმრებენ, შემდეგ კი უახლოესი რეისით ქვეყნიდან აძევებენ.

,,მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ დასასვენებლად წავსულიყავით ისრაელში. ერთ-ერთ სასტუმროში გვქონდა წინასწარ დაჯავშნილი ნომერი, ასევე გვქონდა დაზღვევა, უკანა რეისის ბილეთებიც. 7 ნოემბერს ბათუმიდან წავედით თბილისის აეროპორტში. როცა ჩავედით თბილისში, აეროპორტში ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ზედმიწევნით გაგვიჩხრიკა, არაფერი არ დაგვიტოვა გარდა საფულისა და მობილურის. ყველა პირადი ნივთი ჩამოგვართვეს და გვითხრეს, რომ ისრაელის აეროპორტში შევძლებდით ნივთების აღებას“, - აცხადებს ნ.ბ.

მისივე თქმით, როდესაც ისრაელში ჩაფრინდნენ, ისინი უმიზეზოდ გადაიყვანეს დაკითხვის ოთახში, შემდეგ კი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააპატიმრეს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საკვებში საძილე საშუალებებს ამატებდნენ, რომ მათ ზედმეტი კითხვები არ დაესვათ.

„როდესაც ჩავფრინდით ისრაელში და მივედით რეგისტრაციაზე, უცნობმა პირმა დაკითხვის ოთახში წაიღო ჩვენი პასპორტები და ჩვენც უმიზეზოდ გადაგვიყვანეს დაკითხვის ოთახში. გამოგვკითხეს სად მივდიოდით, რატომ, ვინ გვყავს იქ და რა მიგვქონდა.  ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადაგვიყვანეს საკანში სადაც 3 დღე მოგვიწია გაჩერება. საკანში ასევე იყვნენ 100-ზე მეტი ჩვენსავით, უმიზეზოდ აყვანილები - ქართველები, უკრაინელები და რუსები. ყველაფერი ჩამოგვართვეს.  არ გვაძლევდნენ დარეკვის საშუალებას იმიტომ, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. კვებას რაც შეეხება, სამჯერადი კვება იყო, მაგრამ საჭმელში დამაძინებელ საშუალებას იყენებდნენ და გვაძინებდნენ, რომ ზედმეტი კითხვები არ დაგვესვა. როცა მივხვდით, რომ საჭმელში საძილე საშუალებებს გვიყრიდნენ, უარს ვამბობდით კვებაზე“, - აღნიშნა ნ.ბ.-მ.

მოქალაქე ისრაელში საქართველოს საელჩოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ დასახმარებლად არაფერი გაკეთდა.

„მე შევძელი ჩემს დასთან დაკავშირება და მან დარეკა საკონსულოში, მაგრამ უშედეგოდ. კონსულის რეაქცია იყო ნული. ის საერთოდ არ დაინტერესებულა ჩვენი ამბით, თუ რა დღეში ვიყავით. ამ წუთას ჩემი ორი დაქალი ზის იქ უკვე მეორე დღეა და ყურადღებას არავინ არ აქცევს. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ქართველია დაკავებული უმიზეზოდ", - აცხადებს დაზარალებული მოქალაქე.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით და დაზარალებულების მონაცემები მივაწოდეთ. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საკონსულოში აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით არც სატელეფონო ზარი და არც ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. მათივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული, ან მისი ოჯახის წევრები სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ოფიციალური განცხადებით მიმართავენ, საელჩო დაუყონებლივ მოახდენს რეაგირებას.

„დავუკავშირდით საელჩოს, სადაც გვითხრეს, რომ არავის არ დაურეკავს კონსულთან, ოფიციალური შეტყობინებაც არ შესულა. როგორც კი ოჯახი ჩვენთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში შემოიტანს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულის თაობაზე, იმავე წუთიდან დაიწყებს რეაგირებას ჩვენი საელჩო ისრაელში“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მოქალქე ნ.ბ. ირწმუნება, რომ საკონსულოში ზარი ნამდვილად განხორციელდა და საგარეო უწყებას სიცრუეში ადანაშაულებს.

„ისრაელში ჩავედი 7 ნოემბერს, ამავე დღეს პასპორტში ქვეყნის დატოვების შესახებ ბეჭედი ჩამირტყეს, მაგრამ ამ დროს 2 დღე უკანონოდ საკანში ვყავდი ჩაკეტილი. იმ ციხეში რამე რომ მომსვლოდა, ვერავინ ვერ მნახავდა. ისრაელი თავს გაიმართლებდა იმით, რომ ქვეყნიდან 7 ნოემბერს არის გასული და ბეჭედი გვაქვს დარტყმულიო. ახლა საელჩოში დარეკვას აზრი არ აქვს, პასუხი იქნება იგივე რაც გვითხრეს მე და ჩემი ოჯახის წევრებს. საელჩოს ცხელ ხაზზე ძალიან ბევრჯერ დარეკეს ჩემმა ახლობლებმა. 5 საათი არავინ პასუხობდა, შემდეგ ძლივს აიღეს ყურმილი და პასუხი იყო შემდეგი: "არაუშავს მაგას უკან გამოუშვებენ უახლოესი რეისით". ახლა თავს იმართლებენ არ დაურეკავთო. ჩემი ორი მეგობრის ამბავი საკონსულოში იციან. იციან, რომ ისინი ახლა ისრაელში დაკავებულები არიან. რატომ არ მოახდინეს შესაბამისი რეაგირება? რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიმართავს საკონსულოს? დღეს 7 საათზე ჩემი ორი მეგობარი უნდა გამოუშვან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყველა ჩასულ ქართველს ასე ექცევიან. საკანი, სადაც ვიმყოფებოდით, ქართული წარწერებით არის მოხატული. ბილეთები დიდი ოდენობით იყიდება და ალბათ ყველას ასე ექცევიან. მაფია აქვთ გაკეთებული“, - განაცხადა დაზარალებულმა.

 

ხვიჩა მამულაძე, თეონა ნოზაძე, ბელა არუთინოვი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics