18:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 15:51:01, 784 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა შეიქმნება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით ოთხწლიან პროექტს განახორციელებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონალურ დირექტორ ოლივიე ბურკისთან ერთად ხელი მოაწერეს პროექტს, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) ჩამოყალიბებას უზრუნველყობს.

ხელმოწერის ღონისძიებას პროექტის თანადამფინანსებელი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ნიკოლოზ გრძელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. პროექტის ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით (ყველა პირუტყვისთვის საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭება),  იდენტიფიცირებულ ცხოველებზე გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი-პასპორტი. (სადაც მითითებული იქნება ცხოველის საკუთრების და გადაადგილების ისტორია და აღნიშნული იქნება ცხოველის საიდენტიფიკაციო კოდი) , უნიკალური, საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭებათ მეურნეობებს, ფერმებს, ბაზრობებს, სასაკლაოებს და სასაზღვრო საინფორმაციო პოსტებს.

შეიქმნება ერთიანი ელექტრონული მონაცემების ბაზა, სადაც მეცხოველეობის ფერმებისა და ცხოველების შესახებ მთელი ინფორმაცია მოიყრის თავს.

 პროექტის ფარგლებში, ყველა დაინტერესებული მხარე - სასაკლაოები, სასაზღვრო ინსპექციის პოსტები და ბაზრები, რომლებიც სისტემის მომხმარებლები არიან, გაივლიან შესაბამის ტრენინგებს ახალ ელექტრონულ სისტემასთან ადაპტირების და მისი სათანადო გამოყენების მიზნით.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში როგორიცაა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის რეგისტრაციის სისტემის სრულყოფა.

„ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიული და ფიტოსანირატიული კეთილსაიმედობის უზრუნველყოფა DCFTA-ით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მოთხოვნებია. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, ევროკავშირის სტანდარტების ცხოველთა იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს როგორც ქვეყანაში ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობის, მიკვლევადობის უზრუნველყოფას და მეცხოველეობის დარგის განვითარებას, ასევე ქართული პროდუქციის კონკურანტუნარიანობის ამაღლებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის,  პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) თანადაფინანსებით ხორციელდება.

 პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (NFA) მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებს.

 „მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში. სრულად ამოქმედებული NAITS პროექტი საგრძნობლად გააუმჯობესებს საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობას და რეგიონში პოზიტიურ ცვლილებებს შემოიტანს“, - განაცხადა საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონალურმა დირექტორმა, ოლივიე ბურკიმ.

ცხოველების იდენტიფიცირება და რეგისტრირება ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგში ისეთი ტიპის აქტივობებს როგორიცაა ბაზრებზე გაუმჯობესებული წვდომა, პროდუქტიულობის მაჩვენებლების აღრიცხვა, ცხოველების მოშენება, ქურდობის პრევენცია და ცხოველთა ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ხოლო სათანადო მართვის პირობებში, ცხოველთა პროდუქტიულობის გაუმჯობესებასაც.

 „ეს პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება: გარდა იმისა, რომ ხელს შევუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ასევე მოხდება სასურსათო რისკების შემცირება, რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე გაადვილებული წვდომა და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ფერმერთა შემოსავლებს გაზრდის“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics