|
2016-10-29 19:07:05, 895 ნახვა
პოლიტიკა
არჩევნები 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 30 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები გაიმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. ხვალ, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, გაიმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში. გარდა ამისა, 30 ოქტომბერს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება; ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია. თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია. ხვალ, დილის 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 754 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. 30 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. ასევე, 7 მედია ორგანიზაციის 582-მა მედია წარმომადგენელმა, 10 საერთაშორისო ორგანიზაციის 221-მა და 44 ადგილობრივი ორგანიზაციის 12 122-მა დამკვირვებელმა გაიარეს რეგისტრაცია მეორე ტურების დაკვირვების მიზნით. ხვალ, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. შემოსული ოქმების მონაცემები ოპერატორების მიერ სპეციალურ პროგრამაში იქნება შეყვანილი და ცესკოში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი შედეგები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით. წინასწარი შედეგები ეტაპობრივად განახლდება შემოსული ოქმების მონაცემების მიხედვით. 30 ოქტომბერს 07:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ. შეგახსენებთ რომ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 30 ოქტომბერს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაუშვებელია ამომრჩევლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა, შესაბამისად მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს ხელი შეუწყონ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. „მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას,“ განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)