11:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 10:28:00, 295 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჟენევის მოლაპარაკებების 31-ე რაუნდი რთულ ვითარებაში ჩატარდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 18 მარტს ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო, მეორე სამუშაო ჯგუფში - ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

„მოლაპარაკებები ჩატარდა რთულ ვითარებაში, როდესაც მოსკოვში ხელი ეწერებოდა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას. ეს გულისხმობს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას და პირდაპირ კავშირშია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ყველა მთავარ საკითხთან როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით.

აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის შერჩევა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო მედიატორების შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების ერთადერთი ფორმატის დისკრედიტაციასა და ჟენევის რაუნდის ჩაშლას.

საქართველოს დელეგაციამ აღნიშნული საკითხი დააყენა თანათავმჯდომარეებთან  და აშშ-ის წარმომადგენლებთან და მოუწოდა მათ, რუსეთის ამ უკანონო და პროვოკაციული ქმედების სათანადო შეფასებისაკენ. გუშინვე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადებები გაავრცელეს, სადაც დაგმეს რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. ხელშეკრულების დადება. ხელმოწერის თარიღის დამთხვევა ჟენევის მოლაპარაკებების დღესთან კი შეაფასეს, როგორც აღნიშნული ფორმატის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ამ საკითხს გამოეხმაურნენ ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები თავიანთ განცხადებაში და მოუწოდეს მონაწილეებს კონსტრუქციული ჩართულობისაკენ.

მონაწილეებმა საქართველოდან ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, ასევე  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინააღმდეგ მოსკოვის მიზანმიმართული პოლიტიკა. მათ ნათლად წარმოაჩინეს ყველა ის რისკი, რაც თან ახლავს ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციას ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდიბარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით.

შექმნილ ვითარებაში საქართველოს დელეგაციამ პრინციპულად დააყენა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. 

მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილეს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების, ასევე გალში მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობა.

ქართული მხარის პრინციპული მოთხოვნები მიუღებელი აღმოჩნდა ზოგიერთი მონაწილისათვის, რის გამოც რაუნდის მიწურულს მათ დატოვეს მოლაპარაკებები.

საქართველოს დელეგაციამ მაქსიმალურად გამოიყენა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის ფორმატი და განიხილა დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი”, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი 32-ე რაუნდი გაიმართება 2015 წლის 30 ივნისს - 1 ივლისს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics